აქტუალური
ბრაიზა: „დემოკრატია არ არსებობს იქ, სადაც სიტყვის თავისუფლება საქონელი ჰგონიათ“

1bryza-akt2საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური ძალაუფლების დათმობის შესახებ მოქმედი ხელისუფლების მოთხოვნას შემაშფოთებლად მიიჩნევს.

„არეულობა თბილისში – „ქართული ოცნება“ საფრთხეშია“. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ამ შინაარსის წერილით, რომელიც ატლანტიკური საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა,  მეთიუ ბრაიზა საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.

„ევროპასა და ვაშინგტონს შეუძლია დახმარების გაწევა პრემიერ ივანიშვილის კოალიციის იმ მაღალჩინოსნებთან კარგი ურთიერთობებით, რომლებიც ნათლად აცხადებენ, რომ საქართველოს ნამდვილი ოცნება არჩეული პრეზიდენტის დამცირება კი არა, დემოკრატიული სახელმწიფოს ევროატლანტიკურ გაერთიანებაში სრული ინტეგრაციაა“, – წერს ბრაიზა.

ამასთან, ბრაიზა იხსენებს „ვარდების რევოლუციას“ და აცხადებს, რომ მაშინ თავად იყო მოწმე, როგორ აარიდეს თავი ძალადობას სააკაშვილმა, მისმა მოკავშირეებმა და შევარდნაძემ.

„შეშფოთების საგანია კოალიციის მოთხოვნა, რომ პრეზიდენტმა დათმოს მთავარი კონსტიტუციური ძალაუფლება მისი დემოკრატიული უფლებისა და მოვალეობის სანაცვლოდ, გამოვიდეს მიმართვით ერის წინაშე. დემოკრატია არ არსებობს იქ, სადაც სიტყვის თავისუფლება საქონელი ჰგონიათ, რომლის გადაცვლაც შეიძლება“, – აღნიშნავს ხსენებულ წერილში მეთიუ ბრაიზა.