საზოგადოება
სანაკოევს მერაბიშვილსა და ზაქარეიშვილთან შეხვედრა სურს, თუმცა, ზაქარეიშვილი უარზეა

1sanakoev-sazzo3საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. „კოკოითი ფანდარასტის“ ერთ-ერთ დამაარსებელსა და ხელმძღვანელ ვლადიმერ სანაკოევს, რომელიც საქართველოში, დაახლოებით, ერთი კვირის წინ დაბრუნდა, ვანო მერაბიშვილსა და პაატა ზაქარეიშვილთან შეხვედრა სურს. „ნაცმოძრაობის“ გენმდივანთან იგი – „შიდა საკითხზე“, ხოლო რეინტეგრაციის მინისტრ ზაქარეიშვილთან კონფლიქტების მოგვარებაზე აპირებს საუბარს.

სანაკოევის თქმით, რამდენიმე დღის წინ ის ე. წ. მოდულის შენობაში დაჰკითხეს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა საკითხით იყვნენ დაინტერესებული სამართალდამცველები. სამაგიეროდ, განაცხადა: „არასდროს არავის აგენტი არ ვყოფილვარ და არც ვიქნები. თუ ვინმე ჩემზე იტყვის, რომ აგენტი ვარ, ჩათვალეთ, მისი დიაგნოზია სიდებილე“.

მისივე განმარტებით, თუ ამ შეხვედრებზე თანხმობას ვერ მიიღებს, რამდენიმე დღეში კვლავ ვლადიკავკავზში დაბრუნდება.

თავის მხრივ, მინისტრი ზაქარეიშვილი „კოკოითი ფანდარასტის“ დამფუძნებელთან საუბრის აზრს ვერ ხედავს. მისივე თქმით, როცა სანაკოევი რაღაც ფიგურას წარმოადგენდა, ზაქარეიშვილს კი არანაირი თანამდებობა არ ეკავა, სანაკოევი მასთან საუბარს საჭიროდ არ მიიჩნევდა. „ახლა, როცა მე მინისტრის თანამდებობაზე ვმუშაობ და ის თავისუფალი მოთამაშეა, ჩემთან ღია ეთერში საუბრის სურვილი გაუჩნდა. როგორც სანაკოევი ვერ ხედავდა ჩემთან საუბრის აზრს „კოკოითი ფანდარასტის“ ეპოქაში, ისე დღეს მე ვერ ვხედავ მასთან საუბრის საჭიროებას, თუმცა, როგორც კი ამას დავინახავ, შევხვდები“, –განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მერაბიშვილს ხსენებულ საკითხზე პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია.