საზოგადოება
ივანიშვილი: „ვერავინ და ვერაფერი დაუდგება წინ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებას“

1biZZ-sazzoo2საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე საქართველოს ძირითად პარტნიორ აშშ-სა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხს შეეხო.

მისი თქმით, აშშ-ის ელჩი საქართველოში აქტიურად მუშაობს. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ყველაზე დიდი დახმარება, რაც საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში მიუღია, სწორედ მისგან მოდის და მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ რიჩარდ ნორლანდს. გენიალური ელჩი ჰყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ძალიან გაგვიმართლა. ადმინისტრაციის დონეზე მოხერხდა ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და მათ გაიგეს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა სუფთა გუნდი. ამაში ელჩს ძალიან დიდი წვლილი აქვს, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. თუმცა, კონგრესსა და სენატში კიდევ არსებობს კითხვები, სადაც სააკაშვილს მეგობრები ჰყავს.

მინდა, ჩავიდე მეგობარ ქვეყანასთან გამართული წელით და მათ ვაჩვენო, რომ მოვიყვანეთ ძალიან კარგი გუნდი, რომ კარგი ხელწერა გვაქვს და ვიქნებით კარგი პარტნიორი აშშ-თვის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ გაუღრმავდე ინტერესი საქართველოსთან თანამშრომლობის, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით პრემიერმა აღნიშნა, რომ დაიწყო ურთიერთობის პირველი ეტაპი – სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები, რაც ძველ ხელისუფლებას არ მოსწონს. „რასაც თვითონ ხელოვნურად ბლოკავდნენ, ბუნებრივად ვითარდება და არ სიამოვნებთ. ამას ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ვერ შეაჩერებენ ამ პროცესებს. თუმცა, გლობალურად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მეგობრული ურთიერთობის დამყარება რუსეთან ვერ მოხდება 5 წუთში. ძირითადი საწყისი, რისი ოპტიმიზმიც გამაჩნდა, გამართლდა – სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები იწყება და გაღრმავდება“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება წინ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებას. ამასთან, იგი იმედოვნებს, რომ ქვეყანა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებასაც მოახერხებს.