საზოგადოება
მერაბიშვილი: „მთავრობას ძალიან ეშინია აქციების“

1vano-sazoga1საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის – ვანო მერაბიშვილის, განცხადებით, რომელიც მან ბათუმში თანაგუნდელებთან შეხვედრის წინ გააკეთა, „მთავრობას ძალიან ეშინია აქციების, მაგრამ მას მოუწევს შეგუება, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა“.

მისივე თქმით, საქართველოში ოპოზიცია იარსებებს და რაც უფრო მალე შეეგუება პრემიერ-მინისტრი ამას, მით უკეთესი იქნება მისთვის. „საქართველოში იარსებებს ოპოზიცია და მას მოუწევს დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრება. რაც მალე შეეგუება ივანიშვილი ამას, მით უკეთესი მისთვის და ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ გენმდივანი თანაპარტიელებთან შეხვედრას ბაღდათსა და სამტრედიაშიც გეგმავს. გავრცელებული ცნობებით, იგი თანაგუნდელებთან კონსულტაციებს 27 აპრილს დანიშნულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამართავს.