სამართალი
ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება

1Rarib-samar1საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. შსს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, 14-15 მარტს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში, ქ.ლიონში, ინტერპოლის გენერალურ სამდივნოში შეხვედრებს გამართავს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი -ალექსანდრე არაყიშვილი და შსს-ის ადმინისტრაციის უფროსი თამარ ტალიაშვილი.

14 მარტს გაიმართება შეხვედრა ინტერპოლის გენერალურ მდივან რონალდ ნობელთან. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერება შეთანხმებას საქართველოს მიერ „ინტერპოლის სამგზავრო დოკუმენტების“ (პასპორტი და პირადობის მოწმობა) აღიარების შესახებ.

„ინტერპოლის სამგზავრო დოკუმენტის“ მფლობელებს ინტერპოლის საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას საზღვრის კვეთის დროს მიენიჭებათ სპეციალური ვიზის სტატუსი  (უვიზო რეჟიმი, დაჩქარებული ვიზა ან სხვა სახის სპეციალური ვიზა).

აღნიშნულის გარდა, დაგეგმილია  ინტერპოლის გენერალური სამდივნოს სტრუქტურაში შემავალ სხვადასხვა ქვედანაყოფთან შეხვედრა, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებასა და მომავალი სამოქმედო პრიორიტეტების დაგეგმვას.