პოლიტიკა
უსუფაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს

1usup-mtსაქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად აშშ-ში ვიზიტის მესამე დღეს მორიგი შეხვედრები გამართა.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორ დენიელ იოჰანესთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი იმ პროექტებზე გაიმართა, რომელთა განხორციელებასაც ორგანიზაცია საქართველოში გეგმავს. როგორც აღინიშნა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია განათლების სფეროში 150 მილიონ დოლარამდე დახარჯვას აპირებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თეთრ სახლში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სულივანს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნის უსაფრთხოებისა და ორ ქვეყანას შორის შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა გამართა პენტაგონშიც, თავდაცვის დეპარტამენტში, სადაც საუბრის მთავარი თემები თავდაცვა და სამხედრო სფეროში თანამშრომლობა იყო.

დღესვე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან – თედო ჯაფარიძესთან და ირაკლი ჩიქოვანთან, ერთად კონგრესმენებს – უილიამ კეითინგს, მაიკ ტერნერს და წარმომადგენლობით პალატაში უმცირესობის ლიდერ ნენსი პელოსის შეხვდა.

დღის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გამართულ მრგვალ მაგიდაში, რომელსაც საგარეო პოლიტიკით დაინტერესებული ექსპერტები ესწრებოდნენ.

ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილი მერილენდში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალს ეწვია, სადაც მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციაში, მონაწილეობის დროს დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები გადიან. უსუფაშვილმა სერჟანტ ჯონი თოფურიას დაბადების დღე მიულოცა.

1usup-1 1usup-2
1usup-3 1usup-4