ბანკებში „შავი სიები“ უქმდება. შესაბამისი ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ეროვნულ ბანკს, „კრედიტინფო საქართველოსა“ და კომერციულ ბანკებს შორის გაფორმდა. კომერციული ბანკები თანხმდებიან, რომ მხოლოდ საქართველოს მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია არ იქნება მსესხებლისთვის სესხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
„მოხარული ვარ, რომ რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ ეროვნული ბანკი, საბანკო სექტორი და კრედიტინფო მივედით საერთო გადაწყვეტილებამდე. პრინციპულად იცვლება მიდგომა კლიენტის შესახებ არსებული ინფორმაციისადმი. აღარ იარსებებს ცალკე ე.წ. შავი სიები,“ - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
საქინფორმთან საუბრისას ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ამ ფაქტს სხვა კუთხით ხსნის: „შავ სიებში“ მოხვედრილ ადამიანთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ ბანკებს მომხმარებელი უკვე აღარ შემორჩათ. ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. საქართველოში არსებული ბანკების მოგება მეტწილად დამოკიდებულია განვადებიდან, კრედიტით სარგებლობიდან შემოსულ პროცენტებზე, ამიტომ, თუ ამ მომსახურების მომხმარებელი არ ეყოლებათ, მოგებაც არ ექნებათ. მიუხედავად ამისა, ეს წამოწყება მაინც ცივილიზებულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.“ შეგახსენებთ, რომ „შავ სიაში“ მოხვედრილ ადამიანებს აქამდე განვადებით ან რაიმე სხვა სახის კრედიტით სარგებლობა 7 წლის განმავლობაში არ შეეძლოთ.