პოლიტიკა
ივანიშვილი: „დადგა დრო, ევროპაში გაიგონ, რა ხდებოდა რეალურად საქართველოში“

1media-politika1საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში საგამოფენო დარბაზ „ექსპო ჯორჯიაში“ რეგიონული მედიის წარმომადგენლებს ხვდება.

იგი თავის მოკლე გამოსვლაში შეეხო კოაბიტაციის თემას, რომ ყოფილ ხელისუფლებასთან ვერ ახერხებენ სრულფასოვან კოაბიტაციას, სრულფასოვან თანაარსებობას, თანაცხოვრებას. ეს კი იმის მიზეზია, რომ ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის მხრიდან ახალი მთავრობის მიმართ პირველ ეტაპზე იყო დიდი მოთხოვნები. „თუ ადრე და დღესაც საქართველოში არის განცდა, რომ აღდგეს სამართლიანობა, ევროპაში არის განცდა, რომ ყველაფერი დაიწყოს სუფთა ფურცლიდან, არავინ დაისაჯოს და ჩვენ მაქსიმალურად ლაღად მოვახერხოთ კოაბიტაცია, რასაც ჩვენ ვერ ვახერხებთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

თუმცა, პრემიერის განცხადებით, ევროპის ქვეყნებთან ამ მხრივ სიტუაციის დაბალანსება მოხერხდა. ბრიუსელში პირველი ვიზიტით გამგზავრებამდე კონსულტაციებზე ივანიშვილს ევროპელმა მეგობრებმა არ ურჩიეს მსგავსი თემების წამოწევა, რადგან ევროპა ამისთვის მზად არ იყო და ის სრულ ფიასკოს განიცდიდა. ახლა კი, მისი თქმით, მალე ვნახავთ გარდატეხას. „დღეს გამოქვეყნდება ჩემი წერილი, რომლითაც მე ღიად მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორ ყველაზე დიდ ევროპულ პარტიას, „სახალხო პარტიას“, და უკვე ამის საშუალება არსებობს, რომ ავუხსნათ რეალობა საქართველოში, რომ მათაც გაიგონ, რა ხდებოდა რეალურად საქართველოში“, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ სწორედ გასული ოთხი თვე დასჭირდა ამ წერილის დაწერას.