სამართალი
ფოთის მერიის თანამშრომლები პასუხისგებაში მისცეს

1foti-samar3საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობისა და დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, პასუხისგებაში მისცეს ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის უფროსი დავით კომახიძე, მისი მოადგილე კონსტანტინე ადამია, განყოფილების უფროსი გიზო ხურცია, სამსახურის მთავარი სპეციალისტი ჯუნა სიჭინავა და, ასევე, შპს „ინფრასტრუქტურა 2008“-ის დირექტორი ირაკლი დონდუა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ფოთის სანიაღვრე არხების მოვლა-პატრონობაზე გამოცხადებულ ტენდერებში ერთპიროვნულად იმარჯვებდა მერიის მიერ დაფუძნებული შპს „ინფრასტრუქტურა 2008“.

ინფორმაციის თანახმად, სამუშაოების ჩასატარებლად შპს-ს ჩაერიცხა 1 395 927 ლარი. მიუხედავად ამისა, ტენდერის პირობებით გათვალისწინებული სამუშაოები საწარმომ უხარისხოდ და არასრულყოფილად შეასრულა, ხოლო შეუსრულებელი სამუშაოები დოკუმენტაციაში შესრულებულად დააფიქსირა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამ დანაშაულებრივი ქმედებით დონდუამ 104 913 ლარი გაფლანგა, ხოლო საჯარო მოხელეებმა, მათ მიერ საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულებით და ფიქტიური მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებით ხელი შეუწყეს ამ ქმედებას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილით და 342 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.