საზოგადოება
ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა „დელტა“ მოინახულეს

1delta-sazo3საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები ესტუმრნენ. საწარმოში იმყოფებოდნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, სამეკავშირეო ოფისისა და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის წარმომადგენლები.

„დელტას“ დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა ნატოელ პარტნიორებს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და საწარმოს საქმიანობა გააცნო. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო, ასევე, სამხედრო და სამეცნიერო მხარდაჭერა და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება.

ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ ქართულ სამხედრო მრეწველობას. ყველა მათგანმა ცენტრის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „დელტაში“ სტუმრობა მათთვის ძალიან საინტერესო იყო. საწარმოს საქმიანობის გაცნობა დღევანდელი საქართველოს მთავრობის მუშაობის გამჭვირვალობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომდელტაშინატოს მოკავშირეებისთვის ბრიფინგი გაიმართა. ეს არის ამ მთავრობის გამჭვირვალე პოლიტიკის ერთ-ერთი ნიშანი, რომელიც მზადაა, ალიანსის წევრებთან ღიად ითანამშრომლოს, – განაცხადა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საწარმო 15-მდე ქართულ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას აწარმოებს. „დელტაშია“ დამზადებული მუხლუხებიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“, ჯავშანმანქანა „დიდგორი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და უპილოტო საჰაერო აპარატი. იარაღისა და სამხედრო ტექნიკის წარმოების დაწყებამდე ტარდება კვლევები და ხდება ნიმუშების მეცნიერულ დონეზე დამუშვება. „დელტაში“ 6 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია გაერთიანებული, სადაც სამოქალაქო და სამხედრო კვლევები მიმდინარეობს.