საზოგადოება
ზაქარეიშვილი: „ეს დოკუმენტი იურიდიულად იმაზე მნიშვნელოვანია, რასაც აფხაზები და ოსები მოითხოვდნენ

1zaqa-sazoo2საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ჟენევაში 26-27 მარტისთვის დაგეგმილი საერთაშორისო კონსულტაციების მორიგი რაუნდის წინ უსაფრთხოების საკითხებში საქართველომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს სიურპრიზი მოუმზადა – საქართველოს პარლამენტმა საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ რეზოლუციაში დააფიქსირა, რომ „ადასტურებს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას“ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

„ეს იურიდიულად იმაზე მნიშვნელოვანია, რასაც უწინ აფხაზები და ოსები მოითხოვდნენ – მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევა, – განუცხადა გაზეთ „იზვესტიას“ სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა, – ახლა ვნახოთ, როგორი იქნება საპასუხო რეაქცია“.

მისივე თქმით, „პარლამენტის რეზოლუცია ყველაზე დიდი გარანტიაა“, ამიტომ ორმხრივ შეთანხმებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან თბილისი ხელს არ მოაწერს, რათა ამგვარი დოკუმენტებით არ დააფიქსიროს მეამბოხე ავტონომიების სტატუსი, რომელთა დამოუკიდებლობა უკვე აღიარეს რუსეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ.

საქართველოს ახალი ხელისუფლება ამჯობინებს, კონფლიქტების შესაძლო დარეგულირების სავარაუდო თარიღი არ დაასახელოს, რადგან აქცენტს აკეთებს ნდობის აღდგენასა და დაძაბულობის ეტაპობრივ შემცირებაზე. სახელმწიფო მინისტრის თქმით, სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ „აფხაზებსა და ოსებს აღარ ჰქონდეთ ფორმალური საბაბი საქართველოს სასაყვედუროდ“. ამ თვალსაზრისით, მთავრობა მზადაა, სახელწოდებაც კი შეუცვალოს რეინტეგრაციის სამინისტროს, თუმცა, პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე სამი თვეა, განმარტების გარეშე ხელს არ აწერს ამ წინადადებას. სამინისტროს ახალი სახელწოდება ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა, „იზვესტიას“ ცნობით, მასში არ იქნება სიტყვები „რეინტეგრაცია“ ანდა „კონფლიქტი“.

ამასთან, პერსპექტივაში თბილისი მზადაა, საქართველოში მომუშავე მობილური კავშირის კომპანიებსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომუშავე ადგილობრივ ანდა იქ არსებულ რუსულ ოპერატორებს შორის სატელეფონო კავშირი განბლოკოს.

„ჯერჯერობთ უცნობია, რა რეაქცია ექნება აფხაზეთს საქართველოს ახალ მშვიდობიან ინიციატივებზე. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, ის შერიგებას არ აპირებს და ჟენევაში თბილისისთვის თავადაც სიურპრიზს ამზადებს, თუმცა, უსიამოვნოს. შვეიცარიის მოლაპარაკებებისთვის სამხრეთ ოსეთის პარლამენტი რესპუბლიკის ხელმძღვანელ ლეონიდ თიბილოვის ინიციატივით შექმნილი „2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს მოქმედებების პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასებების კომისიის დასკვნას“ მოისმენს. საქართველოს მიერ დანაშაულის აღიარებამდე სამხრეთ ოსეთი არაფერზე მსჯელობას არ აპირებს“, – ნათქვმია „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.