პოლიტიკა
უსუფაშვილი: „დღეს ის ვითარებაა, როდესაც ჩვენ შევთანხმდით ყველა საკითხზე“

1usuf-pollitika1საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა თედო ჯაფარიძემ და ირაკლი ჩიქოვანმა ვაშინგტონში რამდენიმე ადგილობრივ კვლევით ორგანიზაციაში შეხვედრები გამართეს.
ქართველი პარლამენტარები შეხვდნენ Freedom House-ს პრეზიდენტ დევიდ კრამერს, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტ ჯიმ მარშალს და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტ ლორნე კრეინერს. Freedom House-ს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ქართული მხარე გამოვიდა ინიციატივით, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები ეწვიონ საქართველოს, რათა მონიტორინგი გაუწიონ მედიის სფეროში არსებულ სიტუაციას და, ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას.

IRI-თან შეხვედრის მთავარი თემები იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, დემოკრატია და საქართველოში პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა. მე მოვისმინე სრულიად ცალსახა პოზიცია იმის თაობაზე, რომ კოალიცია ,,ქართული ოცნების“ სახით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ხედავს საიმედო დასაყრდენ პარტნიორს ქვეყანაში და ეს მხოლოდ გააუმჯობესებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, ორგანიზაცია კვლავ გააგრძელებს პოლიტიკური პარტიების განვითარების პროგრამებს. ჩვენი ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის. წლების განმავლობაში ყოფილა შემთხვევები, როცა ჩვენი პოზიციები არ ემთხვეოდა ერთმანეთს. დღეს ის ვითარებაა, როდესაც ჩვენ შევთანხმდით ყველა საკითხზე იმის თაობაზე, თუ რა სჭირდება, პირველ რიგში, ქვეყანას, დემოკრატიას. განსაკუთრებით ვთხოვე ჩვენს მეგობრებს, რომ გააგრძელონ სერიოზული დახმარება საქართველოში პოლიტიკური პარტიების განვითარების დახმარებისთვის, პირველ რიგში, ოპოზიციური პარტიების განვითარებისთვის, რადგან ქვეყანას სჭირდება არა მხოლოდ მმართველი ძლიერი კოალიცია, არამედ ძლიერი ოპოზიცია. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ თვალსაზრისით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი გააგრძელებს თავის პროექტებს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.