პუბლიკაციები
მიტროპოლიტი სერაფიმე: „საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ უყვარდა აფხაზი ხალხი და ისინი ამას გრძნობენ!“

1analit-SER-mtსაქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ორი ქვეყანა  კულტურულ - რელიგიური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით აქტიურად იმუშავებს და ამ მოლაპარაკების ფარგლებში ბათუმის ცენტრში დიდი მუსლიმური სამლოცველო აშენდება. თუ წინა ხელისუფლების დროს აზიზიეს მეჩეთის გახმაურებული მშენებლობის საკითხი საპროტესტო აქციების ფონზე განიხილებოდა, დღეს საზოგადოებაში მხოლოდ ჩუმი პროტესტია. მიუხედავად საკითხის უდიდესი მნიშვნელობისა, ოფიციალურ სტრუქტურებს შეთანხმების სხვა დეტალები დღემდე არ გაუხმაურებიათ. გარდა ამისა, არ არის ცნობილი საქართველოს საპატრიარქოს პოზიციაც. 

საქინფორმის კორესპონდენტი ნატა წერეთელი ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტს, წმიდა სინოდის წევრს, მეუფე სერაფიმეს ესტუმრა და აღნიშნულ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა.

- მეუფეო, როგორც ივანიშვილი-ერდოღანის შეხვედრის შემდგომ ცნობილი გახდა, მიუხედავად საზოგადოების წინააღმდეგობისა, ბათუმში მეჩეთი აშენდება. როგორია თქვენი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით?

- საქართველოში მაჰმადიანი მორწმუნეები უზრუნველყოფილნი არიან სალოცავებით, მეჩეთებით, მედრესეებით, ამიტომაც ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი საყოველთაო განხილვის საგანი უნდა იყოს და ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საზოგადოებამ უნდა მიიღოს. ამ საკითხის ნაჩქარევი გადაწყვეტა ცუდია. პირადად მე, როგორც ქართველ სასულიერო პირს, არ მომწონს ის ფაქტი, რომ აღნიშნული მეჩეთის მშენებლობის შესახებ საკითხი დასმული იყო არა ქართველი მუსლიმანების მიერ, არამედ სხვა სახელმწიფოს ხელმძღვანელობის მხრიდან. ვფიქრობ, ეს ჩვენს პირად საქმეში ჩარევაა.

ზოგადად, ჩვენი დამოკიდებულება ქართველ და არაქართველი მუსლიმანთა მიმართ არის ძალზე კარგი. ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ რამდენიმე თვის წინ ჩვენი ბორჯომელი მოძღვარი, რომელიც საინგილოში სტუმრად მიდიოდა, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საზღვარზე იმ მიზეზით არ გაუშვეს, რომ შესაძლებელი იყო, მას ჰქონოდა საეკლესიო ლიტერატურა. მე ვსვამ კითხვას –  სხვა აღმსარებლობის პირებთან ვინ უფრო დემოკრატიულად და პატივისცემით იქცევა – ჩვენ, ვინც მეჩეთების მშენებლობის უფლებას ვაძლევთ, თუ აზერბაიჯანული მხარე, რომელმაც ბორჯომელი მოძღვარი საზღვრიდან უკან მოაბრუნა?! მსგავსი ფაქტები არ არის გამონაკლისი. ამიტომაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და ქართული ეკლესიის მიმართ მუდამ აგრესიულად განწყობილი ადამიანების მხრიდან (ისეთი, როგორიც არის, მაგალითად, ბექა მინდიაშვილი) ჩვენი დადანაშაულება მართებული არ არის. საქართველოს რომელიმე კუთხეში ახალი დიდი მეჩეთის მშენებლობა ყოველთვის უნდა იყოს მსჯელობის საგანი და  საზოგადოებასთან შეთანხმებული.

- მეუფეო, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს მთავრობამ მეჩეთის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, თუმცა, ივანიშვილი-ერდოღანის ხელშეკრულების დეტალები ჩვენთვის უცნობია. არც ის ვიცით, გათვალისწინებული იყო თუ არა ამ შემთხვევაში საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?

- მე ამ საკითხში არ ვარ ჩახედული, რადგან მისი მოგვარება სხვას ჰქონდა დავალებული. მხოლოდ ის ვიცი, რომ წინა ხელისუფლების დროს საპატრიარქოს აზრი არ იყო გათვალისწინებული და თურქულ მხარესთან მოლაპარაკებებს ხელისუფლება ერთპიროვნულად ახორციელებდა. დღეს რა ვითარებაა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ, ქართველებს, უნდა გვქონდეს უფლება, მოვილოცოთ ჩვენი უძველესი ტერიტორია, რომელიც არც ისე შორეულ წარსულში ოკუპირებულ იქნა თურქეთის მიერ. ახლა ნებადართულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, მაგრამ არავინ საუბრობს იმაზე, რომ ტაო-კლარჯეთი არის საქართველოს უძველესი მიწა-წყალი, რომელიც ოკუპირებულია. იგი არანაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსეთში ვიზიტით იმყოფებოდა. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ვიზიტს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესების თვალსაზრისით?

- ჩვენი დიდი მამის, ჩვენი პატრიარქის, ყოველი ნაბიჯი მისასალმებელია. ქართველი ერისთვის ამ ადამიანზე ერთგული არავინ არასოდეს ყოფილა. მისი ყოველი ნაბიჯი არის ბრძნული.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, რა თქმა უნდა, საჭიროა ზომიერი, გაანალიზებული ურთიერთობა ზედმეტი კაცთმოთნეობის, წყევლისა და ურთიერთობების აკრძალვის გარეშე. მახსოვს, განათლების მინისტრი იყო ერთი ყმაწვილი, გვარამია, რომელიც ამბობდა – ჩემთვის დოსტოევსკი და ტოლსტოი არარაობაა, რადგან რუსები არიანო.

მე ვფიქრობ, რომ უწმიდესი სწორ გზას გვაჩვენებს. პატრიარქმა ბრძანა, რომ საქართველო და ქართული ეკლესია არასოდეს შეეგუება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვას და გამოთქვა იმედი, რომ ქართველების შერიგება მოძმე ერებთან გარდაუვალია. უწმიდესმა ამაზე რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დროს სამების საკათედრო ტაძარშიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო და რუსეთი მართლმადიდებელი ქვეყნები არიან და მართლმადიდებლობა თავის სიტყვას იტყვის.

- საქართველოს პატრიარქს რუსეთში ძალიან დიდ პატივს სცემენ, რაც რუსულმა მხარემ  არაერთხელ დაამტკიცა. ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს ფაქტი უნდა გამოიყენოს მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობების დარეგულირების თვალსაზრისით?

- რა თქმა უნდა, ერის ადამიანებმა უნდა გამოიყენონ ჩვენი პატრიარქის ავტორიტეტი არა მარტო რუსეთში, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაში და, ზოგადად, მსოფლიოში, რადგან ისეთი ავტორიტეტის მქონე სასულიერო პირი, როგორიც ჩვენი პატრიარქია, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არც აქამდე ჰყავდა ქართულ ეკლესიას და, არ მგონია, მომავალშიც ჰყავდეს.

საქართველოს წინა ხელისუფლებას ჰქონდა გარკვეული შიში, ეჭვიანობა და შური. როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში იყო საქართველოში ჩამობრძანებული, სააკაშვილის, ბოკერიას და სხვა ლიდერების გადაწყვეტილებით, საპატრიარქოში ბუშის მისვლა არ დაიგეგმა. ვიზიტის ფარგლებში პატრიარქთან ათწუთიანი შეხვედრა ქალაქის მერიაში შედგა, რაც უსამართლო იყო. შეგახსენებთ, რომ სომხეთის პატრიარქ გარეგინ მეორეს მისცეს უფლება, გამოსულიყო კონგრესის წინაშე. მე ვსვამ კითხვას – თუ ჩვენ ვართ პროამერიკელები და ჩვენი პატრონები და მოურავები ისინი არიან, ჩვენს პატრიარქს კონგრესის წინაშე გამოსვლის უფლება რატომ არ მისცეს? ჩვენ ხომ ამერიკის ინტერესებისთვის ავღანეთში ულამაზესი ქართველი ვაჟკაცების სისხლს ვღვრით და გერმანიის კლინიკებში ათობით მიტოვებული ინვალიდი  ჯარისკაცი წევს, რომელთა პატრონი კაციშვილი არ არის?!

წინა ხელისუფლების ახალგაზრდები მიზანმიმართულად აბრკოლებდნენ ჩვენი პატრიარქის ძალას იმისათვის, რომ ქართული ეკლესია არ გაძლიერებულიყო. ასეთი მცდელობა ჰქონდა ამ ახალგაზრდების აღმზრდელსა და „სულიერ მამას“, ედუარდ შევარდნაძესაც. ერთ მაგალითს გეტყვით – კათალიკოს ევდემონმა ამხილა როსტომ მეფე და უთხრა, რომ იგი მაჰმადიანთა მამა და მართლმადიდებელთა მამინაცვალი იყო. ასე არის შევარდნაძეც და მის მიერ გამოზრდილი ახალგაზრდები („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იგულისხმება) დღემდე არიან მაჰმადიანთა მამები და მართლმადიდებელთა მამინაცვლები.

ოცი წლის განმავლობაში ყველა ხელისუფალი და ერის ადამიანი მხოლოდ არჩევნების დროს ცდილობდა, გარეგნულად (ამას ხაზგასმით ვამბობ) გამოეხატა პატივისცემა ჩვენი პატრიარქის მიმართ.

- როგორც ცნობილია, სააკაშვილის ხელისუფლება გარკვეულ ზეწოლას ახდენდა ეკლესიაზე და პირადად პატრიარქზე. რატომ არ შეეწინააღმდეგა საპატრიარქო ამ ფაქტს?

- ჩვენ გვყავს ძალიან მოსიყვარულე პატრიარქი. დღეს ქართველებს ძალიან უჭირთ, არის ქიშპობა და დიდი დაპირისპირება, მხოლოდ დიდი მამის დიდ სიყვარულს შეუძლია ერის გაერთიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ოცი წლის განმავლობაში გაცილებით მეტი სისხლი დაიღვრებოდა.

მეტიც, უწმიდესის ლოცვისა და სიბრძნის დამსახურებაა, რომ  საქართველოში 2012 წლის არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა. დაგეგმილი იყო დიდი დაპირისპირება, რეპრესიების განხორციელება, ადამიანების დაჭერა და წამება. მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. იმედი მაქვს, რომ საქართველო მშვიდობიან გზას გააგრძელებს და ერთმანეთის წყევლას გადავეჩვევით.

- მეუფეო, თქვენ აფხაზეთში ცხოვრობდით და 2009 წელს იმყოფებოდით დედისა და ახლობლების მოსანახულებლად. ხომ არ გეგმავთ კიდევ გამგზავრებას?

- აფხაზეთიდან დევნილი ყველა ადამიანი ოცნებობს და გეგმავს საკუთარ მხარეში დაბრუნებას, მათ შორის, მეც. 2009 წელს, საქართველოს და რუსეთის ეკლესიების შუამდგომლობით, 17 წლის შემდეგ მოვინახულე ჩემი ოჯახი. აფხაზეთში დიდი პატივისცემით შემხვდნენ. მე ხშირად ვუსმენ აფხაზურ სიმღერებს, ვუყურებ სოხუმის ხედებს და ეს მხოლოდ ნოსტალგიით კი არ არის გამოწვეული, არამედ ვცდილობ, რომ ეს ცოცხალი კავშირი არ დავკარგო. ვცდილობ, გავაანალიზო, თუ რა შეცდომა მოგვივიდა. მხოლოდ სუსტი ადამიანი ეძებს მიზეზს სხვაში. ანალოგიურად, მხოლოდ სუსტი ერი და სუსტი მხედართმთავარი ეძებს საკუთარი დამარცხების მიზეზს სხვებში. აფხაზეთთან მიმართებაში ამ ოც წელიწადში არაფერი შეცვლილა იმის გამო, რომ საკუთარ მარცხში მეზობლებს ვადანაშაულებთ – აფხაზებს, ჩეჩნებს, რუსებს და ა.შ. მახსენდება ძველი ინდიელების ბრძნული გამონათქვამი: „თუ კაცს გველმა უკბინა, ესე იგი ამ ადამიანმა ვიღაცას აწყენინა“. წარმართმა ინდიელებმაც კი იცოდნენ, რომ თუ მეზობელი ან სხვა ვინმე „გკბენს“, ესე იგი შენ ვიღაცას აწყენინე. როცა ქვეყანას უჭირს, ერის მამები, ბრძენი ადამიანები იკრიბებიან და ცდილობენ გამოსავლის პოვნას და არა ისეთი ახალგაზრდები, რომლებსაც მხოლოდ სიძულვილი და აგრესია მოსძალებიათ და უსმენენ იმას, თუ რას ასწავლის შორიდან ვიღაც. საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ უყვარდა აფხაზი ხალხი.  ისინი გრძნობენ ამას.

მე მწამს, რომ მოვა დრო, როდესაც საქართველოს მიეცემა დიდი ეროვნული პიროვნება, ისეთი, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძე, ერეკლე მეფე ან დავით აღმაშენებელი, რომელიც შეძლებს, ჩაეხუტოს ჩვენს მოძმე ერებს – აფხაზებსა და ოსებს და გააერთიანებს ქვეყანას. სანამ ჩვენი მზე ხან ჩრდილოეთიდან ამოვა და ხან სამხრეთიდან, არაფერი გვეშველება.

მხოლოდ ეროვნული სულისკვეთება და ჩვენი პატრიარქის სიბრძნისა და სიყვარულის გამოყენება შეძლებს შეუძლებელს.

მე ერთხელ ქადაგებაში ვთქვი, რომ ჩვენი მოვალეობაა, ავაშენოთ ეროვნული სულისკვეთება და არა დემოკრატია, რამაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და ახალგაზრდა პოლიტიკოსების გაღიზიანება გამოიწვია. ისინი ვერ ხედავდნენ განსხვავებას ეროვნულობასა და დემოკრატიას შორის. მინდა, გითხრათ, დემოკრატია – ეს არის ერთი პატარა ბურჯი ეროვნულობის. ეროვნულობა უფრო მაღლა დგას. დემოკრატია გულისხმობს, რომ ქვეყანაში თუ მოვიდა ვინმე ძლიერი და მდიდარი, შეიძლება მან მთელი საქართველო იყიდოს, ეროვნულობა კი იმის საშუალებას და უფლებას გვაძლევს, რომ ქართველმა ერმა შეინარჩუნოს საკუთარი მიწა, ტრადიცია და ეკლესია. ეროვნული ერი მხოლოდ საკუთარ ხალხზე ფიქრობს და არა იმაზე, თუ რას იტყვის შორეული მეზობელი.

დღემდე ჩვენ ილია ჭავჭავაძის გზაზე არ ვდგავართ, იმ გზას მივუყვებით, რომელიც ნოე ჟორდანიამ მოგვცა.

ბიბლიაში წერია, რომ უფალი დიდ წმინდანს 200-300 წელიწადში ერთხელ გვაძლევს.  ჩვენ გვყავს ჩვენი პატრიარქი და  იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ქვეყნის საერო ცხოვრებაშიც გამოჩნდება ისეთი ადამიანი, პოლიტიკოსი, რომელსაც ისეთი სიბრძნე და სიყვარული ექნება, როგორიც აქვს ჩვენს პატრიარქს. ჯერჯერობით ვერ მოვესწარით ამ მოვლენას.

P.S. საუბრის დასასრულ, მეუფე სერაფიმემ საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი დალოცა: მე ვხედავ, რომ საქინფორმი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ურთიერთობების მოწესრიგებას აფხაზებთან, ოსებსა და რუსეთთან! თქვენი სააგენტო სხვადასხვა ერის და პროფესიის ადამიანებს აძლევს საშუალებას, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. მინდა, მივმართო ყველა მედიასაშუალებასეძებ ეროვნული იმპულსი, რადგან მხოლოდ მასშია ჩვენი გადარჩენის შანსი!

თქვენს სააგენტოს ვუსურვებ წარმატებებს, თავმდაბლობას, ეროვნულობას, მოთმინებას, პრინციპულობასა და სიყვარულს. უფალმა დაგლოცოთ!

ცნობისათვის: ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე (ერობაში თამაზ ილიას ძე ჯოჯუა) 1961 წლის 15 თებერვალს სოხუმში დაიბადა. მამა – ილია ჯოჯუა – გეოლოგი. დედა – ანგელინა მარგველაშვილი – ფარმაცევტი, ცხოვრობს სოხუმში. 1978 წელს თამაზ ჯოჯუამ სოხუმის პუშკინის სახელობის მეორე რუსული საშუალო სკოლა და სამხატვრო სკოლა დაამთავრა. 1978-1980 წლებში გეოდეზისტებთან მუშად მუშაობდა. 1980 წელს პროფტექნიკური სასწავლებელი დაამთავრა და სოხუმის ახალ რაიონში მშენებლობაზე მუშაობდა. 1981-1983 წლებში პოდმოსკოვიეში საბჭოთა არმიის რიგებში მსახურობდა. 1983 წელს სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა მუშად.

1984-1990 წწ. სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1989 წელს სტუდენტთა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის ლაურეატი გახდა. 1990-1991 წლებში საპროექტო ბიუროში არქიტექტორად მუშაობდა.

1991 წელს თამაზ ჯოჯუა იმყოფებოდა მარტყოფის მამათა მონასტერში მორჩილებაში. 1992 წელს ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელი სერაფიმე, 1992 წლის დეკემბერში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ბერ-დიაკონი სერაფიმე მღვდელ-მონაზვნად აკურთხა.1994 წელს იგი ფოკას მონასტრის იღუმენი გახდა. 1995 წელს იღუმენი სერაფიმე ბორჯომის ეპარქიის ეპისკოპოსად გამოარჩიეს. 2000 წელს მეუფე სერაფიმე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2007 წლის 25 დეკემბერს იგი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წელს მთავარეპისკოპოსი სერაფიმე აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.
1analit-ser-1 1analit-ser-2
1analit-ser-3 1analit-ser-4
1analit-ser-5 1analit-ser-6
1analit-ser-7 1analit-ser-8
1analit-ser-9 1analit-ser-10
1analit-ser-11 1analit-ser-12
1analit-ser-13 1analit-ser-14
1analit-ser-15 1analit-ser-16
1analit-ser-17 1analit-ser-18
1analit-ser-19 1analit-ser-20