სამართალი
ადეიშვილი საქართველოში დაბრუნებას აპირებს

adeiS-samar2საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. იუსტიციის ყოფილი მინისტრი, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანაგუნდელი ზურაბ ადეიშვილი თვის ბოლოს საქართველოში დაბრუნებას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „Frontnews”ავრცელებს.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ადეიშვილმა საქართველო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებისთანავე დატოვა. ახლახან კი პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ადეიშვილის ადგილას ქვეყანას არ დატოვებდა.

სააგენტოს მონაცემებით, ზურაბ ადეიშვილმა საქართველოში დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ანალოგიური გადაწყვეტილება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო. ამჟამად ისუტიციის ექს-მინისტრი შუამავლების დახმარებით მოლაპარაკებებს აწარმოებს იმის თაობაზე, რომ სამშობლოში დაბრუნებისთანავე არ დააკავონ.

ამასთან, დაუზუსტებელი ცნობებით, ადეიშვილმა პოლიტიკური თავშესაფარი მიირო უნგრეთში, სადაც იუსტიციის სამინისტროში მუშაობს.

საქინფორმის მკითხველს, ასევე, შევახსენებთ, რომ 2012 წლის დეკემბრის ბოლოს ადეიშვილს დაუსწრებალდ წაუყენეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ანგარების მიზნით, პატიმრების მიმართ არაადამიანური  და დამამცირებელი მოპყრობა, სისხლის სამართლის საქმის სამხილების გაყალბება და დანაშაულის ორგანიზების პროვოცირება.