საზოგადოება
სასწრაფო სამედიცინო სამსახურს მმართველი საბჭო უხელმძღვანელებს

eqimebi-sazo3საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. დღეიდან ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ბრძანებით შექმნილი მმართველი საბჭო სასწრაფო სამედიცინო სამსახურში არსებული ვითარების დარეგულირებას შეეცდება. საბჭო, რომლის მუშაობაშიც სამინისტროსა და მერიის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან, გააკონრტოლებს, რომ ცენტრის დირექტორმა ერთპიროვნული გადაწყვეტილებები აღარ მიიღოს.

„კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს, პრობლემის გადასაწყვეტად მიმართონ სამართლებრივ გზას, თუმცა, მათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, პროტესტი გამოხატონ  ნებისმიერი ფორმით. სამსახურის მართვას ჩაიბარებს მმართველი საბჭო და იმ პერიოდს, სანამ სამართლებრივი გადაწყვეტილება არ იქნება ცნობილი, მართვას განახორციელებს მმართველი საბჭო და არა დირექტორი მხოლოდ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო სამსახურიდან დირექტორის მიერ გათავისუფლებულ ექიმებს, ისინი შიმშილობას განაგრძობენ. აქციის მონაწილე ექიმების განცხადებით, შეხვედრა მინისტრთან გვიან ღამემდე გაგრძელდა, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. „მინისტრმა გვთხოვა, გარკვეული დროით დაგვეცადა, სანამ ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას. შიმშილობას აუცილებლად  ვაგრძელებთ, დაველოდებით გადაწყვეტილებას“, – განაცხადა უცროსმა ექიმმა ლევან ლომსიანიძემ.

როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 ექიმი უკვე მეხუთე დღეა, სამსახურიდან მათ განთავისუფლებას შიმშილობით აპროტესტებს.