სამართალი
საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებული ქართველი პარლამენტარი გივი თარგამაძე ვილნიუსში იმყოფება. კადრები, თუ როგორ დასეირნობს იგი დაცვის ორ წევრთან ერთად ლიტვის დედაქალაქში, 11 მარტის საღამოს ეთერში „მეცხრე არხმა“ უჩვენა.
დეპუტატის განცხადებით, იგი ჯერ თბილისში დაბრუნებას არ აპირებს, ხოლო რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების გადაწყვეტილებას მისი ძებნის თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს. ამასთან, იგი არ აპირებს ლიტვაში პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნას.როგორც „იზვესტიას“ თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, „ურიგო არ იქნება, თარგამაძემ ადამიანის უფლებების ევროსასამართლოს მიმართოს, რადგან მის მიმართ წაყენებული ბრალდებები ზიანს აყენებს მთელი საქართველოს იმიჯს“.
საპარლამენტო უმცირესობის წევრ აკაკი ბობოხიძის განმარტებით კი, გივი თარგამაძე საქართველოში არ იმყოფება იმ მარტივი მიზეზით, რომ ნებისმიერი საზღვრის გადაკვეთისას მას პრობლემები შეექმნება.
ამავე დროს, საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ უახლოეს პერიოდში რფ-ის ხელისუფლება საქართველოში თარგამაძის დაკავების მოთხოვნის გამოგზავნას აპირებს, რადგან მას რუსეთში 2013 წლის 6 მაისს მომხდარი მასობრივი არეულობების ორგანიზებასა და რუსული ოპოზიციის დაფინანსებაში ედება ბრალი, რის გამოც მოსკოვის ბასმანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული, მისი მონაცემები კი უკვე განთავსებულია ინტერპოლის ძებნისა და დაკავების ბაზაში.