საზოგადოება
უსუფაშვილი: „დემოკრატიის სტანდარტების ცოცხალ მაგალითად სააკაშვილს ნუ მოგვიყვანენ!“

komentari-sazoo1საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა აშშ-ში ვიზიტით ყოფნის დროს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განმარტება გააკეთა ევროპარლამენტარებისადმი მის მიმართვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ვინაიდან მსგავსი ქმედება პირველი არ ყოფილა, ამიტომ თავს უფლება მისცა, მიემართა ევროპარლამენტის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ხშირად სიტუაციაში გაურკვევლად ხელს აწერენ სიცრუეზე დაფუძნებულ განცხადებებს. უსუფაშვილის განცხადებით, ევროპელმა კოლეგებმა საქართველოს, ახალ მთავრობას დაუწესონ დემოკრატიის რაც შეიძლება მაღალი სტანდარტები, „მაგრამ ამ დემოკრატიის სტანდარტების ცოცხალ მაგალითად მიხეილ სააკაშვილს ნუ მოგვიყვანენ. ეს არის სირცხვილი ევროპის, ეს არის სირცხვილი საქართველოსი!

როგორც უსუფაშვილი განმარტავს, ევროპელმა კოლეგებმა შეაფასონ საპარლამენტო უმრავლესობის ნებისმიერი ქმედება კრიტიკულად, გამოიკვლიონ, შესაძლოა, ხშირად ამის გამო საყვედურიც მიიღონ, „მაგრამ ეს ნუ იქნება იმ ფონზე, რომ გუშინწინ თუ სამი თვის წინ ქვეყანაში ყვაოდა დემოკრატია და ჩვენი მოსვლით ამ სტანდარტებს ქვემოთ ვწევთ. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში იგივე პირები მხოლოდ ტაშს უკრავდნენ ხელისუფლებას. ჩვენ არ ვითხოვთ მათი მხრიდან ტაშის კვრას, მაგრამ ვითხოვთ ობიექტიურობას და სიტუაციაში კარგად გარკვევას“. ამასთან, იგი მოუწოდებს საკუთარი შეხედულების მქონე ევროპელ კოლეგებს, „უკეთ გაეცნონ თავად ევროკომიისის წარმომადგენლების დასკვნებს იმასთან დაკავშირებით, საქართველო პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის ხელმძღვანელობით უახლოვდება ევროპას თუ შორდება; აიღონ ეს ინფორმაცია ნატოს წარმომადგენლებისგან, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ საქართველოში და ეს სურათი უფრო ობიექტური იქნება“.