საბჭოს თავმჯდომარე კახი ყურაშვილის განცხადებით, დარღვევებთან დაკავშირებით საბჭოს წევრების აზრი არაერთგვაროვანი იყო, რიგ ჩამონათვალზე – ერთობლივი, ხოლო ზოგ საკითხზე ცალსახა პოზიცია ჩამოყალიბდა. მისივე თქმით, აგრუნის ავტორიზაციის შეჩერების მიუხედავად, მაქსიმალურად იქნება დაცული სტუდენტთა ინტერესები და მომდევნო სემესტრში სასწავლო პროცესიც ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. ამასთან, სასწავლებლის ადმინისტრაციას შესაძლებლობა ექნება, გამოასწოროს არსებული ხარვეზები და ავტორიზაციის მიღების თაობაზე წარადგინოს ხელახალი განაცხადი.
საგულისხმოა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს სხდომა სტუდენტთა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, რომლებმაც უსამართლოდ შეაფასეს საბჭოს გადაწყვეტილება.
აგრუნის ავტორიზაციის შეჩერების საკითხს გამოეხმაურა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
„ხელისუფლება საქართველოს ყველაზე თანამედროვე და პროგრესული უნივერსიტეტის დახურვას ცდილობს. ამით დარტყმას აყენებს საქართველოს მომავალს. სრულიად ნათელია, რომ ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსამართლოა ყველასთვის, ვისაც ობიექტურობის ნატამალი მაინც შერჩენია. მოვუწოდებ მთავრობას, გადახედოს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა, კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
აგრარული უნივერსიტეტის რექტორ ლაშა გოცირიძის განცხადებით, საბჭომ ავტორიზაციის შეჩერების საბაბად ტექნიკური უზუსტობები გამოიყენა. „ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და მას სამართლებრივი პროცედურების სრული დაცვით გავასაჩივრებთ“, – განაცხადა გოცირიძემ.