პოლიტიკა
„ახალი ხელისუფლების პირობებში საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები მხოლოდ პოზიტიური მიმართულებით შეიცვლება!“

saxdep-pol-2-mTსაქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის მოადგილეებს – მარი იავანოვიჩს, ერიკ რუბინსა და თომას მელიას, შეხვდა. შეხვედრების მთავარი თემები იყო: სტრატეგიული თანამშრომლობა, ნატოში ინტეგრაცია, ქვეყნის დემოკრატიზაცია და საკონსტიტუციო ცვლილებები.

შეხვედრებში მონაწილებდნენ საპარლამენტო დელეგაციის წევრები. „ჩვენ შევხვდით სახელმწიფო დეპარტამენტის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ ევროპის, კავკასიის და საქართველოს საკითხებზე. ამ შეხვედრებზე ჩვენი, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სათქმელი იყო შემდეგი: ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები მხოლოდ პოზიტიური მიმართულებით შეიცვლება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შედგა საკონსტიტუციო ცვლილებებზეც, სადაც ყურადღება გამახვილდა არა მხოლოდ იმ კონკრეტულ საკითხზე, რომელიც ახლა პარლამენტში გადის კენჭისყრაზე, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციის გაუმჯობესებაზე, „ვინაიდან, როგორც მათ თავად აღნიშნეს, ძალიან ცუდი პრაქტიკაა, როდესაც კონსტიტუცია ადამიანებზეა მორგებული. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ იმ კონსტიტუციით, რომელიც კონკრეტულ ადამიანზე იყო მორგებული“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას კმაყოფილება გამოთქვა უსუფაშვილისა და მისი გუნდის პარლამენტში გაწეული საქმიანობის გამო. „მე მოვახსენე მას, რამდენად კმაყოფილები ვართ მისი და მისი გუნდის ლიდერობით პარლამენტში. ჩვენ პატივს ვცემთ იმ საქმიანობას, რაც გაწეულ იქნა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად იმ რეზოლუციის მიღებაზე, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებას განსაზღვრავს ევროატლანტიკურ სივრცეში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც მიზნად ისახავს კონსტიტუციის სტაბილურობას“, – განაცხადა ერიკ რუბინმა. მან განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წვლილიც ISAF-ის ოპერაციაში.

 

saxdep-pol-2-1 saxdep-pol-2-2