ვალერი ხაბურძანია: „რუსეთის ცოდნის გარეშე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვერ მოვახერხებთ“
საქართველო, 11 მარტი,
საქინფორმი. როგორც რუსეთიდან ახლახან დაბრუნებულმა უშიშროების ყოფილმა მინისტრმა
ვალერი ხაბურძანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრორუსული მიმართულების პარტიას საქართველოში მომავალი აქვს, ამიტომ ის პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს და შექმნის პარტიას, რომლის დასახელებაშიც სიტყვა „თერგდალეული“ იფიგურირებს. თანამოაზრეებად ხაბურძანია
კახა კუკავას, ზურაბ ნოღაიდელისა და
მინდია გულუას პოლიტიკურ დაჯგუფებებს მოიაზრებს; რაც შეეხება
ნინო ბურჯანაძეს, მასთან კონსულტაციების სურვილი აქვს:
„პირველ რიგში, კახა კუკავას, რადგან კახას აშკარად ჩრდილო ვექტორი უჭირავს. შესაძლებელია საუბარი ნოღაიდელთან, თუ გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას – მას გარკვეული რეიტინგი გააჩნდა და გააჩნია, თუნდაც, მცირე; და ნინო ბურჯანაძე, თუმცა, მე როგორც ვიცი, ნინო ბურჯანაძისგან ჯერჯერობით არადადებითი რეაქცია იყო, რადგანაც ის არ თვლის თავს პრორუსული ვექტორის მიმართულების პარტიულ ჯგუფად“.
ხაბურძანიას განმარტებით, ადამიანმა, რომელმაც არ იცის რუსეთი, არ იცის რუსული პოლიტიკა, ძალიან გაუჭირდება საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში ყოფნა. „უფრო სწორად, საქართველოს პოლიტიკურ სისტემას გაუჭირდება სწორად ცხოვრება და სწორად საქმიანობა, თუ მასში არ მონაწილეობენ ის ჯგუფები, რომლებმაც რუსეთი იციან, რას წარმოადგენს. რუსეთის ცოდნის გარეშე, მარტო ამერიკის ცოდნით, მარტო ლობისტურ ჯგუფებში აქტიურობით, ვფიქრობ, რისი მიღწევაც გვინდა – და ეს არის, პირველ რიგში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ვერ მოვახერხებთ“, – აღნიშნა ხაბურძანიამ.
მისი თქმით, ახალ პოლიტიკურ ჯგუფს გარკვეული პრიორიტეტები ექნება, პირველ რიგში, განათლებული პატრიოტიზმი, სოციალური უზრუნველყოფა და კეთილდღეობა, მართლმადიდებლობისა და რელიგიისათვის მხარდაჭერა და უსაფრთხოება კავკასიაში.