სამართალი
არასამთავრობო ორგანიზაციები ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურებიან

arasamTavrob-samarTaaa2საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციები: „ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაცია“ ეხმაურებიან ვენეციის კომისიის დასკვნას და  ხელისუფლებასა და ოპოზიციას რეკომენდაციებით მიმართავენ. მათი განცხადებით,  ვენეციის კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნა უფრო შუალედურია და მასში არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის ინტერესების გათვალისწინებული არ არის. ამის ნაცვლად, დასკვნაში კომისიამ ის მოსაზრებები გაითვალისწინა, რომლებიც კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობოებს ჰქონდათ. ისინი იმედოვნებენ, რომ აღნიშნული დასკვნა პარტიებს შორის პოლიტიკური დაპირისპირების საფუძველი არ გახდება.

დავით ასათიანის („ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“) თქმით, ეს დასკვნა წაადგება მართლმსაჯულებას, რომ განხორცილდეს იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრთა ეტაპობრივი უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც გულისხმობს, რომ უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს მხოლოდ იმ წევრებს, რომლებიც არჩეული არიან ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ, ხოლო წევრებს, რომლებიც, ამასთან, არიან სასამართლოს თავმჯდომარეები და თავმჯდომარის მოადგილეები, უნდა მიეცეთ უფლება, მოახდინონ არჩევა ამ ორ ადმინისტრაციულ თანამდებობას შორის“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის – ეკა გიგაურის, განცხადებით კი, აღნიშნულ დასკვნაში „არცერთი მხარის ინტერესები არ იქნა გათვალისწინებული სრულად“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძის განმარტებით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში გაიზრდება მოსამართლის ინდივიდუალური როლი სასამართლო სისტემაში. „იუსტიციის საბჭოს ფორმირების დროს მაქსიმალურად იქნება დეპოლიტიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები,  რაც გულისხმობს იმას, რომ პრეზიდენტს აღარ ეყოლება წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, და, ამავე დროს, დეპუტატები ვეღარ იქნებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები“, – აღნიშნა კოჟორიძემ.