აქტუალური
ლაშა ჟვანია: „გადაცემის წამყვანის მხრიდან საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდას ველოდი!“

bendu-aqtuaa1საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. გასულ კვირას ტელეიმედის „ღია ეთერში“ „ერისიონის“ რუსეთში დაგეგმილი კონცერტის თემაზე გამართული დებატებისას მიწვეულმა კახა ბენდუქიძემ (თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი) ლაშა ჟვანია (კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი) უცენზურო სიტყვით მოიხსენია: სააკაშვილო, შენ რა გითხარი, ლაშა ჟვანიასნაირი ს.... რომ დანიშნე ეკონომიკის მინისტრად. ძლივს ვთქვი, რაც სათქმელი მქონდა“.

ჟვანიამ ის გადაცემაში უპასუხოდ დატოვა, თუმცა ამ თემას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევებში მის უარს ბევრი ფაქტორი განაპირობებს: „მე ვარ კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი, მიწვეული ვიყავი ამ სტატუსით და ჩემი ქმედების მიღმა ჩემი სულიერი მამა, მისი უწმიდესობაა;
– ბენდუქიძისთვის ამ ტელეეთერით პასუხი რომ გამეცა, ბენდუქიძე მიაღწევდა  მიზანს, უაზრო კამათში გადაეყვანა ტელედებატები;
– ოპონენტს პასუხი რომ გასცე, შეურაცხყოფაზე, მას შენი პასუხის, სულ ცოტა, ღირსად უნდა თვლიდე;
– პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც მისმენდნენ და მიყურებდნენ და მათ არ ვაკადრებდი იმის მოსმენას, რასაც ბენდუქიძეზე და მის და-ძმაზე ვფიქრობ;
– ჩემ მიმართ პირადმა შეურაცხოფამ ყველას დაანახვა, რომ ბენდუქიძეს არგუმენტები არ ჰქონდა ჩემს ნათქვამზე და მისი გამოხტომა თავად კომენტარი იყო. მე ჩემი პასუხით მხოლოდ გავაუბრალოებდი;
და ბოლოს, ბენდუქიძეს ვერ მოუნელებია და კიდევ დიდხანს ვერ მოინელებს:
– რომ ჩემი ეკონომიკის მინისტრად დანიშვნისთანავე მმართველი ელიტის ნების საწინააღმდეგოდ თანამდებობებიდან გავათავისუფლე ეკონომიკის სამინისტროში ჩანერგილი მის მიერ მართული (აქ ბენდუქიძის ლექსიკას, სურვილის მიუხედავად, ვერ ვიხმარ) კადრები; 
– ასევე, ის, რომ დავბლოკე მის მიერ ლობირებულ კომპანიებზე უზარმაზარი სატყეო მასივების მიყიდვის პროცესი; 
– ის, რომ ვეწინააღმდეგებოდი ლომოურის ინსტიტუტის კუთვნილი მიწების მის კომპანიაზე მიყიდვას და ეს მიწები თავად სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელთა თხოვნით გადავეცი საპატრიარქოს, მაგრამ მან მაინც მიაღწია ამ მიწების მითვისებას; საეჭვოა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ამ მიწებთან დაკავშირებით ბენდუქიძის კომპანიას ვალდებულებების შესრულება გაუხანგრძლივა და იმედი მაქვს, ამ საკითხით სამართალდამცავები დაინტერესდებიან. 
ასევე, ის, რომ 2009 წლის მარტში სააკაშვილს დაბეჯითებით მოვთხოვე, მოქალაქე ბენდუქიძისთვის დაეტოვებინებინა სახელმწიფო კანცელარიის შენობაში უკანონოდ დაკავებული კაბინეტი, რომელსაც ის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც იკავებდა და ეს იყო იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის მხრიდან კერძო პირებზე უკანონოდ მინიჭებული პრივილეგია, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავდგებოდი. მაშინ სააკაშვილმა ჩემი თანდასწრებით გასცა ბრძანება, რომ ბენდუქიძისთვის სახელმწიფო კანცელარიაში ოთახით სარგებლობა შეეჩერებინათ! 
P.S.
ისე, ფაკულტატურად, გადაცემის წამყვანის მხრიდან თუ ჩემთვის არა, საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდას ველოდი!“
– აღნიშნავს ლაშა ჟვანია.