აღნიშნული საქმის დეტალები საზოგადოებას სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ჩიხრაძემ გააცნო, რომლის განცხადებითაც, შესაბამისი ბრძანება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის იმჟამინდელმა უფროსმა გიორგი კალანდაძემ გასცა.
„2012 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე გიორგი კალანდაძემ სიტყვიერი ბრძანებით შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალ გიორგი კერესელიძეს დაავალა მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაურ ზვიად გაგუას დიზელითა და ბენზინით იმ რაოდენობით უზრუნველყოფა, რა რაოდენობასაც მოითხოვდა ბრიგადის მეთაური. ამასთან, საწვავი უნდა მიეწოდებინათ მუხიანის ბაზიდან ამაზე ბაზის ბენზინმზიდებით. გარდა ამისა, მძღოლები უნდა ყოფილიყვნენ ჩაცმული სამოქალაქო ტანსაცმელში, მანქანას კი, მოხსნილი უნდა ჰქონოდა სამხედრო ტრანსპორტისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი და ის წარმოდგენილი ყოფილიყო სამოქალაქო ნომრებით“, – აღნიშნა სამხედრო პოლიციის უფროსმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გიორგი კალანდაძე ამჟამად გირაოთია გამოშვებული, დიმიტრი შაშკინი კი 2 დღის წინ დაბრუნდა საქართველოში.
კახაბერ ჩიხრაძის განმარტებით, მოგვიანებით ცნობილი გახდება, დადგება თუ არა რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი.