პოლიტიკა
სააკაშვილი: „ჩვენს არჩევნებში დიდი ფული ჩაიდო, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა“

saaakaaaსაქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. პრეზიედენტი მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთში ევროპის სახალხო პარტიის მმართველი ჯგუფისა და ეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელთა შეხვედრას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანა კვლავაც განაგრძობს სწრაფვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. თუმცა, მისივე თქმით, „ის, რაც მოხდა საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ყველაფერს აშკარად ცვლის“, რაც ქვეყნის ევროპული არჩევანისთვის უკუსვლაა.

„ჩვენს არჩევნებში დიდი ფული ჩაიდო, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა. შედეგად, გაურკვეველ ვითარებაში აღმოვჩნდით. ჩნდება შეკითხვები. რამდენიმე დღის წინათ მოლდოვაშიც იგივე სცენარი განმეორდა. მოლდოვის პოლიტიკაში შევიდა იგივე წარმომავლობის ფული, იმავე მიზნით – ბალანსის დასარღვევად. შედეგად, პრემიერ ვლად ფილატის მთავრობა გადააყენეს. აშკარაა, რომ ცდილობენ პარტნიორობის სხვა წევრ ქვეყნებში, მაგალითად, აზერბაიჯანში, გაანადგურონ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. ეს სირთულეებს უქმნის პროევროპულ ძალებს, მაგრამ მე ოპტიმისტურად განწყობილი ვრჩები ჩვენი ქვეყნების გრძელვადიანი მომავლის მიმართ. მხოლოდ განცხადებების კეთება საკმარისი არ არის – უნდა შევინარჩუნოთ მთავრობის დემოკრატიული  სისტემა. როდესაც ძალაუფლებაში შემოდის ფული, ის ცდილობს მოახდონოს სასამართლო სისტემის, მედიის, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მთელი  სისტემის მონოპოლიზება და გაკონტროლება. მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მთავრობაში, დარწმუნებული ვარ, უნდა განვაგრძოთ გზა ევროპის მიმართულებით. ჩემს ქვეყანაში არავის ეეჭვება, რომ ევროპა ერთადერთი ალტერნატივაა. ეს კი უძლიერესი ინსტრუმენტია“, –განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.