სამართალი
ჯავშანჟილეტების საქმესთან მელნიკოვის ინტერესები იკვეთება

jiletiiiiსაქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. გუშინდელ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა საზოგადოებას კიდევ ერთი საქმე გააცნო – ე.წ. ჯავშანჟილეტების საქმე, რომლის შესახებაც თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაასრულა.

ავალიანის განცხადებით, 2009 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კომპანია „ტრეიდ ალიანს ჯგუფისგან“ უკრაინაში წარმოებული 3000 ცალი მილიონ 680 ათასი დოლარის ღირებულების ჯავშანჟილეტი “Телохранитель М3” შეიძინა. ჟილეტების გამოცდის შემდეგ მათი ხარისხი უარყოფითად შეფასდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეძენილი ჯავშანჟილეტები გამტარია როგორც პისტოლეტის, ისე ავტომატის ტყვიისთვის.

“Телохранитель М3” მარკის ჯავშანჟილეტის შესყიდვაზე გადაწყვეტილება ეჭვს იწვევს, რადგან ისინი ფარული ტარების ბიზნესკლასის ჯავშანჟილეტს წარმოადგენს. თავდაცვის უწყების მიერ შესყიდული ჯავშანჟილეტები  ვერ აკმაყოფილებს ჯარისთვის საჭირო მოთხოვნებსაც.
უხარისხო ჯავშანჟილეტების შესყიდვის შესახებ საქმის კურსში იყო თავდაცვის სამინისტროს იმჟამინდელი ხელმძღვანელობა, თუმცა, არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ტრეიდ ალიანს ჯგუფს“ შორის საბოლოო მიღება ჩაბარების აქტი 3.000 ცალი ჯავშანჟილეტის მიღებაზე არ შედგენილა, სასაქონლო ზედნადები და საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოწერილა. მიუხედავად ამისა, კომპანიის ანგარიშზე  დარჩა თავდაცვის სამინისტროდან გადარიცხული  2 მილიონ 821 056 ლარი“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების გენინსპექციის უფროს ანდრია გოცირიძის განცხადებით, „ფიგურანტთა ჩვენებებით ამ მოქმედების უკან იკვეთება ოლეგ მელნიკოვის ინტერესები“.

გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, „ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ეკონომია გაკეთდეს ადამიანის სიცოცხლეზე, მით უმეტეს, ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლეზე. დადგა დრო, რომ დაბალი ხარისხსის არაფერი არ უნდა იყოს ქართულ ჯარში.