სამართალი
პროკურატურამ გიორგი დგებუაძეს ბრალი წაუყენა

zveliprokuraturaსაქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. საქართველოს მთავარ პროკურატურაში დასრულდა გამოძიება გიორგი დგებუაძის საქმეზე. გიორგი დეგბუაძეს („მასტერას“) ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების  ორგანიზება.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „2011 წლის 4 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ოპერატიულმა მორიგემ თ. ა.-მ თავისივე ხელმძღვანელ ჯემალ ძლიერიშვილს განუცხადა, რომ სოციალური ქსელის საშუალებით კავშირი ჰქონდა რუს სამხედრო მაღალჩინოსნებთან, რომლებთან ერთადაც საბჭოთა კავშირის დროს უკრაინაში იხდიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს. აღნიშნული გარემოება საეჭვოდ იქნა მიჩნეული და საკითხში გარკვევის მიზნით იმავე დღეს იგი მიიყვანეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოში, სადაც ამავე სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი დგებუაძემ მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს – ლაშა მინდაძეს და პლატონ სხულუხიას დაავალა, ნებისმიერი საშუალებით  თემურ ამირანაშვილისგან მიეღოთ ინფორმაცია რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ.

თ.ა.-ს სიტყვიერი, ფიზიკური, მორალური შეურაცხყოფა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მუქარა გამოძიებისათვის დაუდგენელ პირებთან ერთად 2011 წლის 4 იანვრიდან  8 იანვრის საღამომდე გაგრძელდა.

გიორგი დგებუაძეს კანონით დადგენილი წესით წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით;  25-ე, 143-ე მუხლის პირველი ნაწილით; 25-ე, 144-ე  პრიმა მუხლის  მე-2 ნაწილის „ა“; „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.

ცნობისათვის: გიორგი დგებუაძე  2010 წლის 15 სექტემბრიდან იყო  საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს უფროსი.