ფანჯიკიძე: „პროცესის ხელოვნურად გაჭიმვა ჩემთვის სრულიად გაუგებარია“
საქართველო, 8 მარტი,
საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრ
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ელჩების დანიშვნის პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს. ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ ელჩობის ცხრა კანდიდატის სია, რომელიც თავდაპირველად პრეზიდენტს წარედგინა, საკანონმდებლო ორგანოში ყველა პროცედურის წარმატებით გავლის შემდეგ დამტკიცდა, პრეზიდენტმაც მათ წარდგინებაზე უარი არ თქვა, რაც ნიშნავს, რომ მათ კანდიდატურებს ეთანხმება. სია ხელმოსაწერად პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა, თუმცა სააკაშვილს მათ დანიშვნაზე ხელი ჯერ არ მოუწერია.
„გაკვირვებას იწვევს ის, რომ თუკი პრეზიდენტი აცხადებს, რომ პატივს სცემს პარლამენტს, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული, მაშინ რა უდგას წინ, რომ სწორედ ამ პარლამენტის მიერ დამტკიცებული ელჩების დანიშვნის ბრძანებას მოაწეროს ხელი?! – აცხადებს ფანჯიკიძე და დასძენს, –
ჩემთვის ამ პროცესის ხელოვნურად გაჭიმვა სრულიად გაუგებარია“.
მისი აღნიშვნით, საქართველოს ზოგიერთ ქვეყანაში ელჩები ოქტომბრიდან არ ჰყავთ და უწყებაშიც შესაბამისი პროცედურებია გასავლელი, რაც აფერხებს მათ დროზე წარგზავნას; პროცესის ასეთი გაჭიანურება კი ქვეყანას რამდენიმე თვით კიდევ დატოვებს საზღვარგარეთ ელჩების გარეშე.