სამართალი
„Bank of America“-ს სერვერზე შეტევისათვის ჰაკერებმა საქინფორმის საიტი გამოიყენეს

pravo-1-redსაქინფორმის მთავარი რედაქციის განცხადება
ძვირფასო მკითხველებო!
როგორც გახსოვთ, 2013 წლის 28 თებერვალს საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო საქინფორმმა მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებით, რომელშიც, სახელდობრ, ნათქვამია:
„გაცნობებთ, რომ ახალი წლის შემდეგ კიბერშეტევები ჩვენს საიტზე გახშირდა... გუშინ კი მივიღეთ შეტყობინება საქინფორმის პროვაიდერისგან , რომ მიმდინარე თვის განმავლობაში უკვე მეორედ იყო განხორციელებული შეტევა საქინფორმის საიტიდან „Bank of America“- სერვერზე... გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ესენი არიან ისევ შსს-ის ყოფილი, ახლა უკვე თქვენ მიერ გაუქმებული განყოფილების, თანამშრომლები, რომლებიც საქინფორმმა ერთწლიანი ჟურნალისტური გამოძიების ჩატარების შედეგად ამხილა და ჟურნალისტური გამოძიების მთლიანი მასალები საქართველოს გენერალურ პროკურორს, ბატონ არჩილ კბილაშვილსა და იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს გაუგზავნა“.
გვინდა, გაცნობოთ, რომ საქართველოს შსს მეორე დღესვე გამოეხმაურა ჩვენს წერილს და კიბერდანაშაულებთან ბრძოლის შესაბამისმა სამსახურმა ოპერატიულად დაიწყო გამოძიება.

თუმცა, ამის შემდეგ კიბერთავდასხმები უკვე უშუალოდ საქინფორმის საიტზე დაიწყო მისი გატეხის მიზნით – სპეციალური პროგრამა, რომელიც საიტს www.saqinform.ge იცავს, აფიქსირებს ყველა IP-მისამართს, საიდანაც ჰაკერები დღე-ღამეში 10-ზე მეტჯერ ცდილობენ მის გატეხას.

ამ გარემოების გამო საქინფორმის ადმინისტრაციამ 2013 წლის 5 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, დროებით გამოერთო საიტ www.saqinform.ge-ზე დაშვება აშშ-დან, გერმანიიდან, თურქეთიდან და რამდენიმე სხვა ქვეყნიდან, საიდანაც ბოლო დღეებში ყველაზე ხშირად ფიქსირდებოდა გატეხვის მცდელობები, რისთვისაც დიდ ბოდიშს უხდის თავის მკითხველებს!

ჩვენს ერთგულ უცხოელ მკითხველებს, რომლებმაც ამის შემდეგ რედაქციაში ათობით წერილი გამოგზავნეს, ტელეფონით დაგვირეკეს ნიუ იორკიდან და ბერლინიდან და შეშფოთება გამოთქვეს, დროებით ვთავაზობთ, საქინფორმის მასალებს  გაეცნონ Facebook-ში ჩვენს ოთხ გვერდზე: Geoinform; GRUZINFORM; ГРУЗИНФОРМ; საქინფორმი სააგენტო; აგრეთვე დსთ-ის ქვეყნების, ბალტიის და საქართველოს საერთო გაზეთის “СТО СТОРОН ინტერნეტგვერდებზე.

ყველას მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ – გვაქვს უაღრესად გონივრული ეჭვი, რომ ეს შინაგან საქმეთა ექს-მინისტრ ვანო მერაბიშვილის ინტერნეტდივერსანტების ნამოქმედარია – ჰაკერების, რომლებიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ საქართველოს შსს-ის სპეცგანყოფილების (ამჟამად შს ახალი მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ლიკვიდირებული) ოფიციალური თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც თბილისიდან, მათ ხელთ არსებული IP-მისამართების გამოყენებით, პროქსი-სერვერების საშუალებით ახორციელებენ კიბერთავდასხმებს და ფლეშმობებს ვითომდა აშშ-დან, გერმანიიდან, თურქეთიდან და საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებიდან.

თუმცა, მოდი, ოფიციალური გამოძიების შედეგებს დაველოდოთ.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი

2013 წლის 8 მარტი

საქართველო, თბილისი