სამართალი
ბიზნესმენებისთვის თანხის გამოძალვის ახალი სქემა გაიშიფრა

zode-samar3საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. ბიზნესმენებისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ახალი სქემის საქმეში ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი ღვინიაშვილი ფიგურირებენ.

მთავარი პროკურატურა შპს „იურიდიული ოფისის“ დირექტორ გიორგი ყავლაშვილის ჩვენებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მას ნაცნობმა ბიზნესმენმა ილია კოკაიამ დახმარება სთხოვა მის შვილთან – ნინო კოკაიასთან დაკავშირებით, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევის გამო აღმკვეთ ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა და შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პროკურატურა ხელოვნურად აჭიანურებდა საშეღავათო გადაწყვეტილების მიღებას.

ყავლაშვილი ამ საქმესთან დაკავშირებით შეხვდა მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას. მან აღუთქვა, რომ საკითხს აუცილებლად გადაუწყვეტდნენ. თუმცა, საუბარი იქნებოდა ექვსნულიან ციფრზე, რომლის ზუსტ ოდენობასაც შეგვატყობინებდა იუსტიციის მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან შეთანხმების შემდეგ“, – ნათქვამია ჩვენებაში.

საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ნინო კოკაიასთან საპროცესო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ 5 მლნ აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში,  საიდანაც 3 მლნ აშშ დოლარად ილია კოკაიას ახალციხის მუნიციპალიტეტში უნდა შეეძინა გარკვეული ობიექტი, ხოლო დანარჩენი 2 მლნ უნდა გადაერიცხა კახეთის მუნიციპალური განვითარების ფონდში, რის შესახებაც მას კახეთის რეგიონის გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილი წარმომადგენლები ელ ფოსტით მიაწვდიდნენ ფონდის შესაბამისი ანგარიშის ნომრებს.

ყავლაშვილმა გამოძიებას ისიც მოახსენა, რომ 2013 წლის იანვარში მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით ილია კოკაიამ საჩივარი შეიტანა მთავარ პროკურატურაში, სადაც მისი მხრიდან   5 მლნ აშშ დოლარის გადახდას ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად გამოძალვად მიიჩნევს.