პოლიტიკა
ფანჯიკიძე: „პრეზიდენტი ელჩების დანიშვნის ბრძანებას ხელს არ აწერს“

elCebi-poli2საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. როგორც დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, პრეზიდენტი პარლამენტის მიერ დამტკიცებული ელჩების დანიშვნის ბრძანებას ხელს არ აწერს.

ამასთან, ფანჯიკიძის განცხადებით, ელჩობის კანდიდატებმა წარმატებით გაიარეს საპარლამენტო პროცედურები და პლენარულ სხდომაზე მათ კანდიდატურებს მხარი ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს, თუმცა, ქვეყნის მეთაური მათი დანიშვნის ბრძანებას ხელს მაინც არ აწერს.

ფანჯიკიძის განმარტებით, მას „სხვა ახსნა ამისათვის ვერ მოუძებნია“, გარდა იმისა, რომ  სააკაშვილსა და ყოფილ ხელისუფლებას სურს, ბოლომდე შეინარჩუნონ ის პოზიციები, რაც უცხოეთში აქვთ, რათა კვლავაც ჰქონდეთ საშუალება, ახალი მთავრობისა და პრემიერის წინააღმდეგ მიმართული ინფორმაცია გაავრცელონ.

„საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით საქართველოს პარლამენტმა 9 ელჩი დაამტკიცა. ამ 9 ელჩს ხმა ოპოზიციის წარმომადგენლებმაც მისცეს. თუ საქართველოს პარლამენტი არის ქართველი ხალხის ნების გამომხატველი და თუკი პრეზიდენტი ამბობს, რომ იგი ხელს არ შეუშლის ახალი მთავრობის მუშაობას და არ აპირებს არც ახალი მთავრობისა და არც პარლამენტის დათხოვნას, რატომ არ სცემს პატივს პარლამენტის გადაწყვეტილებას, მით უფრო, რომ ის ელჩები მისი წარდგენილი იყვნენ? მათ წარმატებით გაიარეს ყველა პროცედურა პარლამენტში. ეს მაფიქრებინებს, რომ პრეზიდენტს და ყოფილ ხელისუფლებას სურს, ბოლომდე შეინარჩუნოს ის პოზიციები, რაც უცხოეთში აქვს, რომ მათ ახალი ელჩის არარსებობის და არყოფნის შემთხვევაში ისევ  საშუალება ჰქონდეთ, გაავრცელონ ახალი მთავრობისა და საქართველოს ახალი ლიდერის წინააღმდეგ მიმართული ინფორმაცია“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.