სამართალი
ივანიშვილი: „ვთანხმდებით, რომ სასამართლო გახდეს მაქსიმალურად დამოუკიდებელი“

kote-samaraaaa3საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. დასრულდა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილთან. როგორც პრემიერმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, „საუბარი შეეხებოდა იმას, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი როგორც ახალი, ისე ძველი გუნდისგან და საზოგადოებამ უნდა ირწმუნოს, რომ სასამართლო სამართლიანია. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ რეფორმების გატარება აუცილებელია და ბატონ კოტეს მზაობა გააჩნია ამისა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები იუსტიციის სამინისტროსგან იყო ინიცირებული, 80%-ზე მეტს ეთანხმება. ამასთან, გააჩნია ობიექტური კითხვები“.

პრემიერის განცხადებით, კუბლაშვილს აქვს კარგი საფუძველი, რომ თანამდებობაზე ყოფნის დარჩენილ ვადაში ღირსეულად დაასრულოს მუშაობა და საქართველოში დამოუკიდებელი და ღირსებული სასამართლო დარჩეს. მისი თქმით, კუბლაშვილი ეთანხმება სასამართლოს მიმართ საზოგადოების გარკვეულ სკეპტიციზმს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ბევრი კარგი გაკეთდა და მას ამაში გარკვეული წვლილი მიუძღვის.

„გარკვეულ ნაწილში ჩვენ ვერ შევთანხმდით, მაგრამ პრინციპებში შევთანხმდით. მაგრამ იმაზე, რომ სასამართლო გახდეს მაქსიმალურად დამოუკიდებელი, ვთანხმდებით“, – განაცხადა პრემიერმა და თავის მხრივ, გარანტია მისცა, რომ სასამართლოს მუშაობაში ვერავინ ჩაერევა. „ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის და კოალიციის ლიდერის მხრიდან, ასევე, ჩემი გუნდის მხრიდან არ არსებობს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის მცდელობები, ხოლო თუ გავიგე, რომ ვინმემ გაბედა, გავლენა მოახდინოს სასამართლოზე, აუცილებლად ჩავერევი“, – აცხადებს ივანიშვილი.

კოტე კუბლაშვილის განცხადებით, შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შედგა, რასაც მიესალმება და აღნიშნავს: მინდა, გავიმეორო ის, რაც თქვა ივანიშვილმა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც აუცილებელია, რომ სასამართლო უფრო ძლიერად იქნეს წარმოდგენილი საქართველოში როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სისტემა“.