საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ ეკა კვესიტაძის გადაცემა „აქცენტების“ სტუმრობისას „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ავტოგრაფიანი დიპლომები საჩუქრად გადასცა.
„მე ვიცი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობა ხალხის ფულით ფინანსდება და ამიტომ გაქვთ თქვენ ეს პრივილეგია“, – აღნიშნა წულუკიანმა მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ.ეთერში ჩართული ოპონენტის, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებების პასუხად კი წულუკიანმა განაცხადა: „მე გადავწყვიტე, ასეთ ადამიანებს აღარ ვეკამათო, ისინი არიან სუსტი ოპონენტები და სუსტი ქალები. მე სუსტ ქალებს არ ვეკამათები“.
ამასთან, წამყვანისა და თაქთაქიშვილის მრავალჯერადად დასმული კითხვის პასუხად თეა წულუკიანმა მისი უმაღლესი იურიდიული განათლების თაობაზე განაცხადა, რომ მისი დანიშვნით იუსტიციის მინისტრისა და, აქედან გამომდინარე, უმაღლესი პროკურორის პოსტზე, კანონი არ დარღვეულა და დაასაბუთა, რომ მის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლება ამ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ კანონის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
საპარლამენტო უმცირესობა კვლავ ეჭვქვეშ აყენებს წულუკიანის ამ პოსტზე მუშაობის კანონიერებას. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საკითხის სამართლებრივად შესწავლას აპირებს.