საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გუშინ ლიტვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ არვიდას საბონისსა და აღმასრულებელ დირექტორ პაულიუს მოტეიუნაისს შეხვდა.
შეხვედრას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტი, რომლის საშუალებითაც შემუშავდება ლიტვისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციების ურთიერთთანამშრომლობის 5-წლიანი გეგმა.როგორც ბესიკ ლიპარტელიანმა „ლელოსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, „პრემიერს საბონისის თამაშები ნანახი აქვს და ძალიან გაუხარდა ლიტველი ლეგენდის ცოცხლად ხილვა. ისიც მოეხსენება, რომ საბონისი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ევროპელი კალათბურთელია. ბატონი ბიძინა კალათბურთში კარგადაა ჩახედული, მოგვისმინა და დახმარება აღგვითქვა“.
მისი განხცადებით, სპორტის მინისტრთან ერთად შეიქმნება ჯგუფი, რომელიც კალათბურთის განვითარების პროექტზე იმუშავებს. „ყველა საკითხსა და ნაბიჯს გავთვლით და ასე წარვადგენთ. არვიდას საბონისი ზემოთ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საქართველოში ახლო მომავალში კიდევ ჩამოვა“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.