პუბლიკაციები
რუსულ-ქართული დარეგულირების პროცესში საზოგადოების წარმომადგენლები ჩაერთვებიან

analnew-mtსაქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ა.წ. 27 თებერვალს „ევრაზიის ინსტიტუტის“ ორგანიზებით სასტუმრო „ვერე პალასში“ რუსულ-ქართული ურთიერთობების შესახებ პირველი საზოგადოებრივი დისკუსია გაიმართა, სადაც ორგანიზატორებმა საქინფორმის ჟურნალისტი ნატა წერეთელიც მიიწვიეს. ღონისძიებაში მონაწილებდნენ ჯუმბერ ლომინაძე, დიმა ჯაიანი, ჯემალ სეფიაშვილი, ანსამბლი „ფორტეს“ წევრები, ირმა სოხაძე, ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, გიორგი კორკოტაშვილი, ლელი ჯაფარიძე და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები, კულტურისა და მეცნიერების წარმომადგენლები, რომლებსაც საქინფორმის ჟურნალიტი ესაუბრა.

შეხვედრაზე რუსულ-ქართულ ურთიერთობებსა და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პრობლემებზე საკმაოდ აქტიური მსჯელობა გაიმართა. საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის პოზიცია განიხილეს. საუბარი შეეხო სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია მეორეს ღვაწლის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენის საკითხებში.

გამომსვლელთა სიტყვები საკმაოდ ემოციური იყო, რაც დამსწრე საზოგადოების მხრიდან აპლოდისმენტებს იმსახურებდა. ღონისძიების ორგანიზატორი „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელ გულბაათ რცხილაძის განმარტებით, ასეთი შეხვედრები შემდგომშიც გაგრძელდება და იგი უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.  მსგავსი მსჯელობები სამომავლოდ საქართველოს რეგიონებშიც გაიმართება. უახლოეს მომავალში იგეგმება რუსეთის ინტელიგენციის წარმომადგენლების საქართველოში მოწვევა და  ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს მოღვაწეთა კავშირების ხელშესაწყობად ღონისძიებების გატარება.

გულბაათ რცხილაძე („ევრაზიის ინსტიტუტის“ დირექტორი, პოლიტოლოგი): დღევანდელ შეხვედრაზე საზოგადოების წარმომადგენლები, აქტიური ახალგაზრდები და ყველა ის დაინტერესებული პირი მოვიწვიეთ, ვისთვისაც რუსულ-ქართული ურთიერთობები მნიშვნელოვანია. ხშირად ისმის მოსაზრება, რომ თითქოს ქართველ ახალგაზრდებს რუსეთთან დაკავშირებით არანაირი ინტერესი არ გააჩნიათ და, ზოგადად, წინააღმდეგნი არიან ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობების დალაგებით. შესაძლოა, ახალგაზრდების ნაწილი მართლაც ასე ფიქრობს, მაგრამ დიდი უმრავლესობა დაინტერესებულია რუსეთთან კეთილმეზობლობის აღდგენით და შეხვედრის დასასრულს დავაფუძნებთ ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბს, რომელიც იმუშავებს ამ საკითხებზე.  კლუბი ყველა მსურველისთვის ღია იქნება და ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შეეძლება მონაწილეობის მიღება მსჯელობებში. ვფიქრობთ, ეს ძალიან სასარგებლო იქნება ყველასთვის.

- ბატონო გულბაათ, არსებული რეალობიდან გამომდინარე, თქვენ როგორ შეაფასებთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებს?

- ჩვენ გვინდა, ურთიერთობების დარეგულირების პროცესი უფრო სწრაფად და ენერგიულად მიმდინარეობდეს, რადგანაც საქართველოს დიდხანს ლოდინის ფუფუნება არ აქვს, მას სჭირდება ეკონომიკის აღორძინება და ბევრი სხვა პრობლემის მოგვარება. საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები მისასალმებელია. განსაკუთრებული დაფასება ეკუთვნის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. მისი ღვაწლი უდიდესია, განსაკუთრებით, აგვისტოს ომის შემდეგ – მან მართლმადიდებელ ერებს შორის სულიერი ერთიანობა შეინარჩუნა. ჩვენს პატრიარქს უდიდეს პატივს სცემენ რუსეთში და ეს კარგად უნდა ვიცოდეთ. 

- ვახტანგ ტატიშვილი (საქართველოს დამსახურებული არტისტი, ანსამბლ „ივერიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი) : ჩემი აზრით, ისეთი ღონისძიებების გამართვა, როგორიც დღეს შედგა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვეძლევა საშუალება, ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ და საკუთარი პოზიცია დავაფიქსიროთ ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე.   

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს, როგორ მოხდება მათ შორის ურთიერთობების დალაგება მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის პირველი პირი, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი (ყოფილს იმიტომ ვეძახი, რომ 20 იანვარს მას უფლებამოსილების ვადა დაუმთავრდა) გამოდის და თავისი ანტირუსული ისტერიკით ხელს უშლის ამ პროცესს?!

რუსეთის მისამართით ზიზღით საუბარი არ შეიძლება. ყოფილ ხელისუფლებას ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან მიმართებაში არანაირი გეგმა არ ჰქონდა. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, დაიწყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და ეს ძალიან კარგია.

ჩემი აზრით, საზოგადოების წარმომადგენლების როლი ამ პროცესში ძალზე მნიშვნელოვანია. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მოვახერხებთ სახალხო დიპლომატიის აღდგენას, რაც ხელს შეუწყობს ამ ურთიერთობების სამომავლო განვითარებას. ახალგაზრდებს ტვინი ისე „გადაუბრუნეს“, რომ ჰგონიათ, თითქოს მთელი რუსეთი ჩვენი მტერია – ეს მიდგომა არასწორია. შესაძლოა, რუსეთის პოლიტიკას არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საერთო არაფერი გვაქვს.

ირმა სოხაძე (მომღერალი): საქართველოს ყველა მეზობელთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, მათ შორის, რუსეთთანაც. იმ კონფრონტაციის შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის მოხდა, ცოტა ძნელია ყველაფრის დავიწყება და იმის თქმა, რომ შევრიგდეთ, მაგრამ ეს აუცილებელია.

მიმდინარე წლის იანვარში მე მოსკოვში კონცერტი გავმართე. „თბილისო“ ვიმღერე ბისზე. უნდა გენახათ, რა ემოცია იყო დარბაზში, ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. კონცერტის შემდეგ ნახევარი დარბაზი კულისებში შემოვიდა, ტიროდნენ, ბოდიშს მიხდიდნენ, მეფერებოდნენ.

მიმაჩნია, რომ კულტურული ურთიერთობების გააქტიურება ძალიან მნიშვნელოვანია. მიზანიც, ალბათ, ის უნდა იყოს, რომ ჩვენს რუს მეგობრებს, კოლეგებსა და ინტელიგენციას მივაწვდინოთ ხმა, რომ საქართველო არ იმსახურებს ასეთ მოპყრობას.

მოხარული ვარ, რომ ქვეყნის ახალი ხელისუფლება ცდილობს ამ ურთიერთობების მოწესრიგებას.

გიორგი კორკოტაშვილი (მსახიობი, რადიოწამყვანი): თუ დანაშაულების დათვლას დავიწყებთ, მაშინ არც თურქეთთან უნდა გვქონდეს ურთიერთობები, არც ირანთან და არც ევროპის რამდენიმე სახელმწიფოსთან, რომლებმაც დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს მიგვატოვეს. მოდი, საღად ვიაზროვნოთ, დღევანდელ რეალობაში რუსეთი უდიდეს ძალას წარმოადგენს და მას ანგარიში უნდა გავუწიოთ.

ვისაც დღეს ხელეწიფება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა, ყველა უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. ბოლო 9 წლის განმავლობაში, იმის გამო, რომ აგენტობა არ დაებრალებინათ, უამრავი ადამიანი არიდებდა თავს ამ ურთიერთობებს. მე ჩემს გადაცემაში – „კორკოტას დილა“, რუსულ სიმღერებსაც ვაჟღერებდი, ლექსებსაც ვკითხულობდი და ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ საზოგადოება დამერწმუნებინა ამ შიშის სიცრუეში. ეს იყო არა ბუნებრივი, არამედ სინთეტიკურად შექმნილი უბედურება, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნერგავდა მოქალაქეებში, რათა მტრის ხატი შეექმნა და მერე შეშინებული ხალხი თავისუფლად ემართა.

რაც შეეხება ამ საკითხთან მიმართებაში ახალი ხელისუფლების დამოკიდებულებას, სიმართლე გითხრათ, არ მომწონს. მინდა, უფრო მკვეთრად გადადგას ნაბიჯები და იმის შიში არ ჰქონდეს, რომ მიშა რუსეთის აგენტობას დააბრალებს. ერთი შეკითხვა მაქვს – ის რუსეთი, რომელიც საქართველოს სტრატეგიული ობიექტების მფლობელია, ყოფილი მმართველი გუნდისთვის მისაღები ხომ იყო?! გამაგებინეთ, „ნაცმოძრაობამ“ არ გაასხვისა ეს ობიექტები?! ამიტომაც მიმაჩნია, დღევანდელმა მთავრობამ შიშის გარეშე უნდა გადადგას ეს ნაბიჯები რუსეთის მისამართით, გაერკვეს იმ ვითარებაში, რომელიც დღემდე ბურუსით არის მოცული და დაალაგოს ურთიერთობები. ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ერთმანეთის მეზობლობით.

კონსტანტინე ჩიკვილაძე („ევრაზიის ინსტიტუტის“ ექსპერტი): ბოლო დროს რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირებისათვის ორივე ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობების მხრიდან გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, რაც მისასალმებელია, თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თუ ჩვენ რუსეთისგან კონკრეტული, მნიშვნელოვანი მიღწევების მიღება გვსურს, საჭიროა საგარეო პოლიტიკის შეცვლა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც  ამერიკიდან ფინანსდებიან, რა თქმა უნდა, ყველანაირად შეეწინააღმდეგებიან ამ პროცესს, მაგრამ ეს წინააღმდეგობა უნდა დავძლიოთ და ქვეყნის ინტერესებდიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ.

საქართველომ უნდა გადახედოს იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. ჩემი აზრით, ეტაპორივად შესაძლებელია ამ მიმართულებით წარმატებების მიღწევა იმ ქვეყანასთან, რომელთანაც ურთიერთობების დიდი ტრადიციები და, გარკვეულწილად, მენტალური ერთობაც გვაკავშირებს. რუსეთი რომ სხვა კონტინენტზე იყოს და მეზობლობა არ გვაკავშირებდეს, ამის აუცილებლობა არ იქნებოდა.

-  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ახალ ხელისუფლებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაში ადანაშაულებს. როგორ ფიქრობთ, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი შეიცვალა?

-  „ერთიანი ნაცინალური მოძრაობა“, როგორც ყოველთვის, მოვლენებს წინ უსწრებს. ჩემი აზრით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, სამწუხაროდ, არ შეცვლილა. საქართველოს ახალი ხელისუფლება, ძველი მთავრობის მსგავსად, პროამერიკული კურსის მიმდევარია, თუმცა, „ქართულ ოცნებას“ მისი წინამორბედისაგან განსხვავებით, გათვალისწინებული აქვს ის ფაქტი, რომ საქართველოს იმის ფუფუნება არ აქვს, რუსეთს აგდებულად და ბინძური რიტორიკით ესაუბროს.

დღევანდელი სტატუს-კვოს გათვალისწინებით რუსეთი გამარჯვებულია. მან საქართველოსგან მიიღო ყველაფერი, რაც სჭირდებოდა და სულაც არ ეჩქარება ჩვენთან ურთიერთობების დალაგება. ჩვენ უნდა ვიჩქაროთ და შევცვალოთ არსებული ვითარება უკეთესობისკენ. თუ მითურ ნატოში გვინდა შესვლა, შეგვიძლია 20-25 წელი ველოდოთ (ისიც – ამაოდ) და ამ დროში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების პერსპექტივები საბოლოოდ დავასამაროთ.

ნუგზარ კვაშალი (ანსამბლ „ივერიის“ წევრი, მუსიკოსი, მსახიობი): 2010 წელს, როდესაც რუსეთთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვეტილი იყო და საქართველოში რუსული სიმღერებიც კი იკრძალებოდა, მე ვამაყობდი იმით, რომ მოსკოვში ჩავედი.

მას შემდეგ ქართული კულტურის სხვა წარმომადგენლებთან ერთად შარშანაც ვიმყოფებოდი რუსეთში. მინდა, გითხრათ, არასოდეს დამავიწყდება ის შეხვედრები, რომლებიც ჩვენმა რუსმა კოლეგებმა მოგვიწყვეს –  ეს საოცარი იყო.

მიუხედავად ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობისა, დღე არ გავიდოდა, რომ რომელიმე რუსულ არხზე ქართული ფილმი არ გასულიყო; დღე არ გავიდოდა, რომ ქართველი მომღერლების კონცერტი არ გადაეცათ ტელევიზიით – ეს ნიშნავს იმას, რომ რუს და ქართველ ხალხს ერთმანეთი უყვარს.

უახლოეს მომავალში კიდევ ვგეგმავთ მოსკოვში კონცერტების გამართვას. მიმაჩნია, რომ ერთი სიმღერა მთელი თხუთმეტი ტანკის ტოლფასია.

სასტუმრო „ვერე პალასში“ საზოგადოებრივი დისკუსია რამდენიმე საათს გაგრძელდა. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ყველა მონაწილე ერთხმად შეთანხმდა, რომ აუცილებელია ყველა სფეროს წარმომადგენელთა აქტიური ჩართვა რუსულ-ქართულ დიალოგში, რომელმაც ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან არსებული პრობლემების მოგვარებას ხელი უნდა შეუწყოს.

შეხვედრის დასასრულ მოწვეულმა სტუმრებმა რეზოლუციის ტექსტს მოაწერეს ხელი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს ხელისუფლების პოზიციის მხარდაჭერას ითვალისწინებს. გარდა ამისა, შეიქმნა ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი, რომელიც აქტიურად განაგრძობს მუშაობას ამ მიმართულებით.

P.S. ევრაზიის ინსტიტუტის ინიციატივამ „ვარდების“ რეჟიმის მომხრეები შოკში ჩააგდო!

ევრაზიის ინსტიტუტის სავსებით უწყინარმა ინიციატივამ – ქვეყანაში დაიწყოს საზოგადოებრივი დისკუსიები რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, შოკი გამოიწვია სააკაშვილის რეჟიმის მსახურებში. ეს შოკი სოციალურ ქსელებში ატეხილი ისტერიით არ ამოიწურება. ყოფილი რეჟიმის მსახურებმა, რომლებიც ჯერ კიდევ მრავლად არიან სახელმწიფო სტრუქტურებშიც, დეზინფორმაციისა და საინფორმაციო ტერორის ნიაღვრით სცადეს „ევრაზიის ინსტიტუტის“ ინიციატივის გადაფარვა და ჩანასახშივე განადგურება.

analnew-1 analnew-2
analnew-3 analnew-4
analnew-qvemot