სამართალი
ქსავიერ როუარდი: „ქალბატონ წულუკიანს აქვს იურიდიული განათლება“

Tea-samarTalii3საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. ამ ბოლო პერიოდში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან გაკეთებული განცხადებების პასუხად  საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პრესატაშე ქსავიერ როუარდი აცხადებს: საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლის (ENA) დიპლომირებულ პირს აქვს იურიდიული განათლება“.

წულუკიანის იურიდიული განათლების თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ორი მოსამართლის პირადი საქმის შესწავლა დაიწყო, რომელთაც, გავრცელებული ინფორმაციით, მეორადი ფაკულტეტი აქვთ დამთავრებული.

 

როგორც საელჩოს წარმომადგენელი განმარტავს, ENA-ს საუკეთესო კურსდამთავრებულები მუშაობენ საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოში, რომელიც ადმინისტრაციული მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოა; კონტროლის პალატაში, რომელიც სასამართლო ორგანოა; იმ ინსტიტუტებში, სადაც საჭიროა იურიდიული განათლება.

„თეა წულუკიანმა შეძლო მუშაობის დაწყება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. ამიტომაც, ვადასტურებ, რომ ENA- ყველა კურსდამთავრებულს, ქალბატონ თეა წულუკიანს, აქვს იურიდიული განათლება“, – განმარტავს ქსავიერ როუარდი.

როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, თეა წულუკიანმა 2000 წელს დაამთავრა საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლა (ENA) და დაიცვა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში. ამავე წელს ევროსაბჭოს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად წულუკიანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტატიანი თანამშრომელი გახდა. 2005 წელს მან უფროსი იურისტის საკლასო ჩინი მიიღო.