ივანიშვილის განმარტებით, მიუხედავად ზოგიერთების სურვილისა, „ვერავინ მოახერხებს ქუჩაში დაპირისპირების გადატანას და არეულობის მოწყობას საქართველოში და მე ამის გარანტიას კიდევ ერთხელ ვაძლევ საქართველოს მოსახლეობას“. პრემიერის თქმით, მისი გუნდის სურვილია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაბრუნდნენ რეალობაში, „ისინი საზოგადოებას ვეღარ ავნებენ, გარდა ამ ემოციური ფონის აწევისა, რაც დღესაა საქართველოში. მათ არ აქვთ რესურსი, თუ გნებავთ, ქუჩის პატარა აქციების და შეხლა-შემოხლის გამოწვევისაც კი. ყველაფერი მოხდა უკვე. მათ შეუძლიათ მხოლოდ გაიუმჯობესონ ან გაიუარესონ საკუთარი მდგომარეობა საკუთარი საზოგადოების წინაშე. მოსახდენი მოხდა 1 ოქტომბერს, შემდგომ ოქტომბერს იქნება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ნაკლებპრინციპულია. იქაც საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს არჩევანს“.
პრემიერის აზრით, 19 აპრილამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმ მომხრეთა ნახევარს შეინარჩუნებენ, რა რაოდენობაც გამოვიდა ქალაქის მერ გიგი უგულავას დასაცავად: „გამოვიდა 350 ადამიანი, უკეთეს შემთხვევაში, ნახევარს შეინარჩუნებენ 19 აპრილამდე, ჩემი აზრით. ეს იქნება 19 აპრილი, თუ შედგება საერთოდ 19 აპრილი. სათქმელი არაფერი აქვს მერაბიშვილს. იცის მან, რომ როგორც უგულავაზე, მის მიმართაც არსებობს კითხვები პროკურატურაში, და, მე მგონი, 19 აპრილი ამას მიუძღვნა მხოლოდ“.
ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ საზოგადოება უკვე კარგად აანალიზებს მოვლენებს. „საზოგადოება კიდევ და კიდევ უფრო კარგად ერკვევა, მათ რიცხვში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც კარგ ანალიზს აკეთბენ. და ეს გაუგებარი მუხტი არ შედგება!“ – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბარში.