საზოგადოება
დღეს სტალინის გარდაცვალებიდან 60 წელი შესრულდა

STALINIსაქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. გენერალისიმუსი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა. დღეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში და საზღვარგარეთ სსრ კავშირის ბელადს გაიხსენებენ. საბჭოთა ბელადის მშობლიურ ქალაქ გორში ქართველი კომუნისტები შეიკრიბებიან, რათა წლისთავი აღნიშნონ. მოსკოვში კომუნისტები კრემლის კედელთან სტალინის საფლავის ყვავილებით შემკობას აპირებენ. „სამშაბათს, 5 მარტს, 11 საათზე, ი.ბ. სტალინის გარდაცვალებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებით, რფკპ ცკ და მოსკოვის საქალაქო კომიტეტი კრემლის კედელთან მის საფლავს ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკობენ“, – იუწყებიან რუსეთის კომპარტიის პრესსამსახურში. შემკობაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო დუმას და მოსკოვის საქალაქო სათათბიროს დეპუტატები.

ნიჟნი ნოვგოროდში სტალინის გარდაცვალების დღეს პიკეტები მოეწყობა. რფკპ რეგიონული განყოფილების აქტივისტები ბელადის ხსოვნისთვის პატივის მიგებას აპირებენ. აქციები ქალაქის ხელისუფლებასთან არის შეთანხმებული.

სტალინის გარდაცვალების შესახებ 1953 წლის 5 მარტს გამოცხადდა. სამედიცინო დასკვნის თანახმად, ის ტვინში სისხლის ჩაქცევის შედეგად გარდაიცვალა. სტალინის დაბალზამებული სხეული ლენინის მავზოლეუმში მოათავსეს, რომელსაც 1953-1961 წლებში „ვ.ი. ლენინის და ი.ბ. სტალინის მავზოლეუმი“ ეწოდებოდა. 1961 წლის 30 ოქტომბერს სკკპ XXII ყრილობამ დაადგინა, რომ „სტალინის მიერ ლენინის ანდერძის სერიოზული დარღვევები... შეუძლებელს ხდის მისი ცხედრის მავზოლეუმში დატოვებას“.

1961 წლის 1 ნოემბრის ღამეს სტალინის ცხედარი მავზოლეუმიდან გამოასვენეს და კრემლის კედელთან დაკრძალეს.