საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. გუშინ, 4 მარტს, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმის ბულვარში ახალი საზაფხულო თეატრის გახსნას დაესწრო, სადაც ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტიც გაიმართა.
მანამდე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილმა გამოსცა ბრძანება №01.25 „საზაფხულო თეატრის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიებების გადადების შესახებ“, რომლის სამოტივიაციო ნაწილშიც ნათქვამია, რომ „მოცემულ ეტაპზე საზაფხულო თეატრის გახსნა ვერ მოხერხდება, რადგან მშენებლობა ჯერ არ არის დასრულებული. შესაბამისი ობიექტი არ არის ექსპლუატაციაში მიღებული და მისი გახსნა გაუმართლებელია ტექნიკური უსაფრთხოების თვალსაზრისითაც“.
თეატრის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ჩავლეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ თეატრის გახსნა ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციებში უხეში ჩარევაა.საკრებულოს თავმჯდომარეს არ დაეთანხმა ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე, რომლის განცხადებითაც, თეატრის სამშენებლო სამუშაოების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია დასამთავრებელი.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებულების მიუხედავად, ბათუმის ბულვარში საზაფხულო თეატრი მაინც გაიხსნა. გახსნის საზეიმო კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან ერთად დაესწრო. საზეიმო ცერემონიალზე იმყოფებოდნენ: გიორგი ბარამიძე, გოგა ხაჩიძე, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი, მომღერლები სოფო ნიჟარაძე, ლუკა ზაქარიაძე და სხვები. პრეზიდენტმა თეატრში შესვლამდე განმარტა, რომ თეატრი ლევან ვარშალომიძის ინიციატივით აღადგინეს და წინა მთავრობის წარმატებით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. ახალ მთავრობას კი შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისკენ მოუწოდა.
გუშინვე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა: „გამოდის, რომ დღეს, ბათუმში, პრეზიდენტთან ერთად, არალეგალურად გავხსენით თეატრი. პრაქტიკულად იატაკქვეშეთში ვართ... ახლა, წესით ცხენებით უნდა გავრბოდეთ აჭარის ტყეებისკენ და უკან მაუზერიანი ჩაფრები მოგვდევდნენ...“