საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის პირადად უხდის ბოდიშს სააკაშვილის უხერხული გამონათქვამების ადრესატებს.
როგორც მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის ბოდიშს იხდის იმ შეურაცხყოფისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ საჯარო გამოსვლისას მიაყენა საქართველოში ღვინის ხარისხის შესამოწმებლად ჩამოსულ რუსულ დელეგაციას და ამასვე ურჩევს პრეზიდენტსაც.„საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი უპასუხისმგებლო განცხადებები და მოქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის კურსს, ლახავს ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟს და უქმნის დამატებით საშინაო და საგარეო პრობლემებს ახალ ხელისუფლებას. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მეგობარი სახელმწიფოების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რისთვისაც საქართველოს მთავრობის სახელით მათ ბოდიშს ვუხდი.
ვინაიდან არც მომავალში ვართ დაზღვეული მსგავსი ინციდენტებისგან, მინდა, განვაცხადო, რომ საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლის ოქტომბერში მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მოქმედებს პირადი პასუხისმგებლობით, მისი ვიზიტები არ არის კოორდინირებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მისი განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის პოზიციებს, თუ ეს არ არის დადასტურებული ქვეყნის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ“, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის მხრიდანაც მოჰყვა ლიტველ კოლეგა ლინას ლინკევიჩუსთან შეხვედრისას: „შეთანხმებულია მთავრობის უწყებებს შიგნით ყველა პოზიცია, რომელიც საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით გამოითქმება, მაგრამ ეს არ არის პრეზიდენტთან შეთანხმებული. ამიტომ არის ხოლმე განსხვავებები, რის გამოც უხერხული მდგომარეობა ხშირად შექმნილა“.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ გაერთიანებასთან საქართველოს კარგი თანამშრომლობა აქვს და საქართველომ მიიღო დაპირება, რომ ნატოს წევრი გახდება.
„თქვენ გახდებით ნატოს წევრი, ისე როგორც ნატოს დოკუმენტებშია გაწერილი, მაგრამ შემიძლია, გითხრათ ერთი რამ – დროს ვერავინ გეტყვით, როდის მოხდება ეს“, – განაცხადა ლინკევიჩუსმა.
დღეს ლინას ლინკევიჩუსი ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა. დღესვე იგეგმება მისი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთანაც.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ნატოს შემოდგომის სამიტის მასპინძელი ვილნიუსია.