პოლიტიკა
საქართველო-რუსეთს შორის სავიზო რეჟიმი გამარტივდება

vizebi-politikaaa1საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა.

აბაშიძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებასთან დაკავშირებით კეთილი ნება უკვე არსებობს და შესაბამისი სამსახურები ამ საკითხზე  მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში დაიწყებენ. 
მისივე თქმით, კონკრეტული შეთანხმება ზაფხულისთვის უკვე მიღწეული იქნება. თავდაპირველად მარტივი სავიზო რეჟიმით ბიზნესმენები, სტუდენტები და სამეცნიერო წრეები ისარგებლებენ.

„რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე დაიწყო საუბარი და იმედი მაქვს, რომ სადღაც ზაფხულისთვის ესეც რაღაც შედეგს მოგვცემს. საუბარი იქნება სხვადასხვა კატეგორიებისთვის ამ ვიზების გაცემის გამარტივებაზე და, საერთოდ, კატეგორიების გაფართოებაზე. შეიძლება ამ მხრივ მარტის თვეშიც გარკვეულწილად წინ წავიწიოთ. მხედველობაში მაქვს ყაზბეგი-ზემო ლარსის მარშრუტი. სწრაფად უნდა აღდგეს რეგულარული საავიაციო რეისები“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელიც თავის ოფიციალურ ვებგვერდზე წერს, რომ გამოითქვა  მეცნიერებისა და ჯანმრთელობის სფეროში უფრო აქტიური ხელშეწყობის კონტაქტების ერთობლივი ინტერესები. თუმცა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეხვედრის ეს ფორმატი არ ეხება კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის რიგ საკითხებს, რომლებზეც იმსჯელეს ჟენევის დისკუსიებზე.

რუსეთის საგარეო უწყების შეფასებით, შეხვედრა ატარებდა კონსტრუქციულ ხასიათს, რაც პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტის წინსვლის საშუალებას იძლევა. აქვე აღნიშნულია რომ მიღწეულია შეთანხმება, მომავალი შეხვედრა შედგეს მიმდინარე წლის მაისის ბოლოსა და ივნისში.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ აბაშიძესა და კარასინს შორის პირველი შეხვედრა ჟენევაში 2012 წლის 14 დეკემბერს გაიმართა, მეორე – 2013 წლის 1 მარტს პრაღაში.