ცვლილებების მიხედვით, სასამართლო დარბაზში გადაღება-გავრცელების უფლება „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ენიჭება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ. „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ კი უნდა უზრუნველყოს ჩანაწერის მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის გადაცემა მათი მოთხოვნისთანავე.
თუ აღნიშნული მაუწყებელი არ განახორციელებს ვიდეოგადაღებას, ამ შემთხვევაში მოსამართლე დარბაზში დაუშვებს კენჭისყრის საფუძველზე შერჩეულ მაუწყებელს. გადაღებები დარბაზში უნდა განხორციელდეს სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან. გარდა ამისა, სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს ექნება უფლება, საკუთარი ადგილიდან განახორციელოს სხდომის აუდიოჩაწერა. ახალი კანონის მიხედვით, ნებადართული ხდება სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფანში ფოტო, ვიდეო და აუდიოჩაწერა. დაუშვებელი ხდება სასამართლოს შენობაში შესული პირისთვის პირადი ნივთების, მათ შორის მობილური ტელეფონის, კომპიუტერის ჩამორთმევა. ამასთან, სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის სრულად ჩაწერა.
კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოში 6 მარტს უყრიან კენჭს. ცვლილებები შემდგომში ორგანულ კანონშიც აისახება.