პოლიტიკა
ოფიციალურმა ბაქომ სააკაშვილი სიცრუესა და პროვოკაციაში ამხილა!

anons-polit-1საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. 2013 წლის 2 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომენტარით გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს, რომლებიც მან ა.წ. 28 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა - აზერბაიჯანიდან დაბრუნებისთანავე, სადაც ის ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, საგარეო ურთიერთობათა განყოფილების გამგე ნოვრუზ მამედოვმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი და საქართველო რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის რეალური საფრთხის წინაშე დგანან. Newtimes.az-თან ინტერვიუში ნოვრუზ მამედოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადება გაკვირვებას იწვევს: მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში შესაძლებელია პარალელების პოვნა, ამავე დროს, უამრავი განსხვავებაც არ უნდა დავივიწყოთ. ყველა ქვეყანას საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკუთარი ხაზი აქვს, თუმცა, სიტუაცია ჩვენს ქვეყნებში განსხვავებულია, ეს ბევრ საკითხში ჩანს. გარდა ამისა, სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთში ჩვენი დიასპორის ზოგიერთ წარმომადგენელს აზერბაიჯანის მიმართ სახიფათო პოზიცია უკავია, შეიძლება მხოლოდ მის საკუთარ თვალსაზრისს ასახავდეს. არ გვჯერა, რომ მის მიერ ვაგიტ ალეკპეროვის და სხვათა მიმართ ნათქვამი სინამდვილეა. მე, როგორც ბაქოში სააკაშვილთან ბევრი შეხვედრის მონაწილემ, შემიძლია განვაცხადო, რომ მსგავსი საკითხები მასთან არ განიხილებოდა, და ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა“, – ხაზი გაუსვა მან.

აზერბაიჯანი-რუსეთის ურთიერთობაზე საუბრისას რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ნორმალური მეგობრული ურთიერთობა არსებობს. „ძალიან სამწუხაროა, რომ სააკაშვილი, რუსეთთან დაკავშირებით თავისი განცხადების გაკეთებისას, აზერბაიჯანსაც შეეხო“, აღნიშნა მან.