სამართალი
აფრასიძეებმა ციხე დატოვეს

1-afrasiZe-samarTaaaa2საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. აფრასიძეების საპყრობილიდან გამოშვების გადაწყვეტილება ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიამ (ე.წ. უდოს კომისია) გუშინ მიიღო. გოჩა და შმაგი აფრასიძეებმა რუსთავის №16 საპყრობილე გვიან ღამით დატოვეს.

დოდო აფრასიძემ პრესასთან განაცხადა, რომ ისინი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი ბარამიძის უკანონო პატიმრები იყვნენ და სამართლებრივ დავას აუცილებლად გააგრძელებენ. „არ გვაკმარეს, რაც გაგვიკეთეს, გადაგვწვეს, ადამიანი ცოცხლად დაგვიწვეს, ხელფეხშებორკილი შვილი დამიხვრიტეს, ესენი კი ჩაამწყვდიეს ცხრა წელი... ამ ხელისუფლების მოსვლამდე მეექვსეში ჰყავდათ, ჰაერი არ უნახავთ ამდენი წლის განმავლობაში“...

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გოჩა და შმაგი აფრასიძეები 2004 წლის 24 მარტს სვანეთში, სოფელ ეცერში, ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. მათ ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდათ წაყენებული, მათ შორის, მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვისთვის. ამავე სპეცოპერაციის დროს მოკლეს მათი ძმა ომეხ აფრასიძე და მამა ევგენი აფრასიძე.

გოჩა აფრასიძეს – 19, შმაგი აფრასიძეს კი 17-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მათ სასჯელის ნახევარი მოიხადეს. ამნისტიის შედეგად კი სასჯელი გაუნახევრდათ. ორივე მსჯავრდებულს, როგორც ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი: „ამნისტია შეეხო აფრასიძეებს (სასჯელის განახევრება), ხოლო შემდეგ – ვადამდე ადრე გათავისუფლება, ვინაიდან მათ დარჩენილი ჰქონდათ რამდენიმე თვე. პენიტენციარულ სისტემაში აფრასიძეებმა გადაიტანეს ძალიან დიდი ტანჯვა, არაადამიანური მოპყრობა. გოჩა აფრასიძე არის პრაქტიკულად დაბრმავებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე“.

გათავისუფლებულმა აფრასიძეებმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარში აღნიშნეს, რომ მათ მიმართ სიმართლის აღდგენას აუცილებლად მოითხოვენ.