შს მინისტრის ბრძანება თანამშრომლებისთვის სახელფასო დანამატებისა და ერთჯერადი დახმარების შესახებ
საქართველო, 1 მარტი,
საქინფორმი. შსს-ის მიერ გავრცელებული ცნობით, დღეიდან ძალაში შევიდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება სამინისტროს თანამშრომლებისთვის ყოველთვიური დანამატების შესახებ. სამინისტროს მრავალშვილიან თანამშრომლებს დღეიდან ყოველთვიური დანამატი დაუწესდათ: ოთხი შვილის მშობელი ყოველთვიურად – 200 ლარს, ხუთი შვილის მშობელი – 300 ლარს, ექვსი შვილის მშობელი – 400 ლარს, შვიდი და მეტი შვილის მშობელი – 500 ლარს მიიღებს.
დღეიდან, ასევე, ამოქმედდა მინისტრის ბრძანება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების შესახებ. 1000 -ლარიან დახმარებას სამინისტროს თანამშრომელი ერთჯერადად მიიღებს დაქორწინების, შვილის შეძენისა და ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.
ყოველთვიურ დანამატსა და ერთჯერად დახმარებას შს სამინისტროს ყველა თანამშრომელი მიიღებს.