პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: „სააკაშვილს უნდა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და საქართველოში მშვიდობისმყოფელებად ნატოს ჯარები შემოიყვანოს!“

1-anons-arno-geსაქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. Disput.az-ის ექსკლუზიური ინტერვიუ საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილთან.

- ბატონო არნო, გვიამბეთ, გეთაყვა, საქართველოს დღევანდელი შიდაპოლიტიკური სიტუაციის შესახებ.

- ის, რაც დღეს საქართველოში ხდება - სახელმწიფოსთვის იმდენად სახიფათო და ქართველებისთვის იმდენად სამარცხვინოა, რომ ამას პოლიტიკურ სიტუაციას მხოლოდ დიდი გაჭირვებით თუ  დაარქმევ. დღეს საქართველოში - ღალატისა და თვალთმაქცობის სისხლიანი ზეიმია! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხი,  სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის რამდენიმე მცდელობის შემდეგ (2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს), დიქტატურას თითქმის შეეგუა, 2012 წლის 1 ოქტომბერს მან კიდევ ერთხელ სცადა ღირსების დაბრუნება. მესამე მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდა, მაგრამ გასული საპარლამენტო არჩევნებისთვის თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების დარქმევა და, მითუმეტეს, მიღწეულით დაკმაყოფილება არ შეიძლება. ამომრჩეველთა დიდმა უმრავლესობამ ხმა მისცა ივანიშვილს მისი ფიგურის უალტერნატივობის წყალობით, მიუხედავად მისი ერთგულებისა ხალხში უაღრესად არაპოპულარული ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსისადმი. შეგახსენებთ, რომ 2003 წლის ნოემბერშიც ხალხი არა იმდენად სააკაშვილს უჭერდა მხარს, რამდენადაც შევარდნაძის წინააღმდეგი იყო. მიუხედავად ამისა, მაშინ ხალხი მოატყუეს, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა საქართველოს უახლეს ისტორიაში… თუმცა, ხალხი რა სათქმელია - საქართველოში  რეფორმების და ნატოსა და ევროკავშირში წევრობის შესახებ ზღაპრების ნახევარ მსოფლიოს სჯეროდა და დღევანდელი მხსნელი ივანიშვილიც კი 2007 წლის 11 ნოემბრამდე ნაცხელისუფლებას ეხმარებოდა! (რატომ აკეთებდა ამას და ვინ არის ბიძინა ივანიშვილი - ცოტა ხნის წინ მოვყევი ინტერვიუში „ქართული ოცნება“ „ქართულ გაზაფხულს“ მიიღებს – „ნაცმოძრაობა“ სამოქალაქო ომს ამზადებს!“).

წინა ხელისუფლებამ კი ამ წლების განმავლობაში საკუთარი თავისა და დასავლელი პარტნიორებისთვის ძალზე მოსახერხებელ და სტაბილურ სტატუსს მიაღწია - „ნატოსა და ევროკავშირის კანდიდატობის მუდმივი კანდიდატი ქვეყნის ხელისუფლება“, რომელიც მას ბევრ უპირატესობას ანიჭებდა. როგორც კანდიდატობის კანდიდატმა, საქართველომ გამუდმებით უნდა შეასრულოს იმ ორგანიზაციათა ინსტრუქციები, რომლებშიც მიისწრაფვის და ეს საქმით დაამტკიცოს, მაგალითად, ავღანეთში. ამიტომ კანდიდატობის კანდიდატი ქვეყნის ხელისუფლებას შეეძლო გამუდმებით მოეწოდებინა მოქალაქეებისთვის, „ქამრები უფრო მჭიდროდ შემოეჭირათ უზენაესი მიზნის“ - ამ ორგანიზაციებში წევრობის გულისთვის. ამასობაში კი თვითონ გამდიდრებულიყო იმ თანხებით, რომლებსაც სანუკვარი ორგანიზაციების წევრი ქვეყნები საქართველოს გამოუყოფდნენ კანდიდატობის კანდიდატი ქვეყნისთვის წაყენებული მოთხოვნებისადმი შესაბამისობის აუცილებელი დონის მისაღწევად.

- ბატონო არნო, რამდენად სერიოზულია ვარაუდები, რომ უახლოეს ხანებში საქართველო შესაძლოა სამოქალაქო ომმა შეაზანზაროს?

- აბსოლუტურად სერიოზულია, ყოველ შემთხვევაში, წინა ხელისუფლებას ეს სურს. იქნება ეს ლოკალური კონფლიქტები, რომლებსაც პროვოკაციების ჯაჭვი გამოიწვევს, თუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა - ყველა შემთხვევაში სისხლი დაიღვრება, სწორედ ამიტომ, თქვენს პირველ შეკითხვაზე პასუხისას იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება, ღალატისა და თვალთმაქცობის სისხლიანი ზეიმი ვუწოდე!

წინა ხელისუფლების განკარგულებაში არიან:

- ოპოზიციაში გადასული პრეზიდენტი და მის მიერ დანიშნული გუბერნატორები;

- პარლამენტის 1/3-ზე მეტი (50-ზე მეტი დეპუტატი) და მათი ელექტორატი (განსაკუთრებით სამეგრელოში და სომხებისა და აზერბაიჯანელების კომპაქტური დასახლების რეგიონებში - სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში);

- უშიშროების საბჭო ბოკერიას ხელმძღვანელობით;

- საუცხოოდ სტრუქტურირებული პარტია „ნაცმოძრაობა“, რომელმაც „კმარას“ ბანაკებში სერიოზული მომზადება გაიარა და მის მიერ დამხობილ შევარდნაძის ხელისუფლებასთან ბრძოლაში გამოიწრთო;

-მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციელები, რომლებიც ფარულად თანაუგრძნობენ წინა ხელისუფლებას და მისი რესტავრაცია სურთ, რათა არ მოუწიოთ პასუხის გაცემამ წარსულ საქმეებზე, როდესაც ისინი ნაცხელისუფლების კანონსაწინააღმდეგო დავალებებს ასრულებდნენ;

- დედაქალაქის საკრებულო და თბილისის მერია უგულავას ხელმძღვანელობით, საკუთარი პოლიციით;

- ზღაპრულად გამდიდრებული ბიზნესმენები - „ნაცმოძრაობის“ პარტსპონსორები, რომლებსაც 9 წლის განმავლობაში ყველა ტენდერ-პროექტსა და სახელმწიფო შეკვეთა-მიწოდებების უზრუნველყოფაზე  ექსკლუზივი ჰქონდათ;

- საშუალო და ქვედა დონის მოხელეები, რომლებმაც ნაცხელისუფლების უკვდავება ირწმუნეს, მყარ მაღალ ხელფასს მიეჩვივნენ და საბანკო კრედიტები გამოიტანეს, რომლებიც თანამდებობის-ხელფასის შესაძლო დაკარგვის მიუხედავად გადასახდელია;

- უცხოური გრანტების და ნაციონალებისგან „ბონუსების“ მიღებაში დახელოვნებული მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციები;

- ყველა მსხვილი ტელემაუწყებელი - ტელეკომპანიები: „რუსთავი 2“, „პირველი საზოგადოებრივი“ და „იმედი“, რომლებიც დღეს ღიად მუშაობენ პრემიერ ივანიშვილის, საქართველოს ახალი მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობის და მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ;

- ინტერნეტგამოცემების, ბეჭდური მედიასაშუალებების უმრავლესობა და მერაბიშვილის ბლოგერების და ჰაკერების დამკვრელი ჯგუფი, რომელიც დაუსჯელად  ეწევა ძირგამომთხრელ საქმიანობას ინტერნეტში;

- უზარმაზარი ფინანსური რესურსი, რომელიც მმართველობის 9 წლის განმავლობაში დააგროვეს და დღეს, მათ შორის - მრავალრიცხოვანი, საქმეში არაერთხელ ნაცადი უცხოელი ლობისტების (ლობისტური ფირმები, დიპლომატები, აშშ-ის კონგრესმენები, სენატორები, სახდეპარტამენტის მოხელეები) დაფინანსებაზე ხარჯავენ.

ამას დაუმატეთ იარაღის საწყობები და სახლებსა და ტყეებში გაშორიშორებული ძალოვანი სტრუქტურების რამდენიმე ათასი ყოფილი თანამშრომლისაგან შემდგარი უკანონო შეიარაღებული ფორმირებები სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში, აგრეთვე, თბილისში. მხოლოდ დასავლეთ საქართველოში 12 ასეთი ფორმირებაა, რომელთა სია ალასანიამ რეაგირებისთვის უშიშროების საბჭოს მდივან ბოკერიას გადასცა.

ამიტომაც არის პრეზიდენტი ასე ჩაბღაუჭებული წინა პარლამენტის მიერ დამახინჯებული კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებას - დაითხოვოს მთავრობა, შემდეგ კი პარლამენტიც, რომელიც მის მიერ ჩამოყალიბებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას არ დაამტკიცებს! გასულ კვირას სააკაშვილმა აბსურდული საბაბით ჩაშალა მოლაპარაკება საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, რომელზეც უმრავლესობა უმცირესობის ყველა მოთხოვნას თანხდებოდა მხოლოდ ამ ერთი საკონსტიტუციო შესწორების სანაცვლოდ. იმიტომ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ემზადება:

1) მთავრობისა და პარლამენტის დასაშლელ-დასათხოვნად;

2) საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თბილისში კომენდანტის საათითურთ;

3) მშვიდობისმყოფელთა სახით ნატოს ჯარების - უსაფრთხოების ხელშემწყობი საერთაშორისო ძალების (ISAF) მოსახმობად „კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად და საქართველოში სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად, სტრატეგიული ობიექტების - ნავთობ- და გაზსადენების, გზების, ხიდების, აეროპორტების და სხვა ინფრასტრუქტურის დაცვისთვის, აგრეთვე, თბილისის მახლობლად - დასახლება ალექსეევკაში მდებარე აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიისა (CPHRL) თავისი ვირუსის შტამების საცავით, რომლებიც ბაქტერიოლოგიური იარაღის შესაქმნელად გამოიყენება“.

ხოლო თუკი ავღანეთიდან სასწრაფოდ გამოწვეული ქართული ბატალიონი უარს იტყვის უმაღლესი მთავარსარდლის დანაშაულებრივი ბრძანების შესრულებაზე და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომზე, მაშინ, როგორც ჩანს, საქართველოში პირველი თურქეთის ჯარი შემოვა, როგორც ნატოს წევრი უახლოესი ქვეყნისა*.

გამორიცხული არ არის, აგრეთვე, რომ აქ დაბრუნდება ნატოს ის კონტინგენტი (1000 ჯარისკაცი პლუს ინსტრუქტორები), რომელიც 2012 წლის 22-29 სექტემბერს, ზედ საპარლამენტო არჩევნების წინ, უკვე იმყოფებოდა საქართველოში ნატოს საერთაშორისო სწავლებაზე კოდური სახელწოდებითსაქართველო 2012“. გაიხსენეთ იმ წვრთნების მიზანი - ატმოსფეროში ქიმიური ნივთიერებების დაღვრის, რადიაციის გამოტყორცნის და სტიქიური უბედურებების დროს სალიკვიდაციო ქმედებები დიდი მსხვერპლის და ძირითადი ინფრასტრუქტურის ნგრევის თავიდან ასაცილებლად,  საგანგებო სიტუაციებში ქვეყნებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება“!..

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება მხოლოდ 2013 წლის აპრილის ბოლოს-მაისის დამდეგს აქვს, ანუ საპარლამენტო არჩევნებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე. სწორედ იმისთვის, რომ პრეზიდენტს ზუსტად ამ პერიოდში საბაბი მისცეს, „ნაცმოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა მერაბიშვილმა წინასწარ, 2 თვით ადრე, დააანონსა ა.წ. 19 აპრილს ნაციონალთა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ჩატარება რუსთაველის პროსპექტზე - მათივე ხელით შიშველ კედლებამდე გაძარცული პარლამენტის ძველი შენობის წინ. გათვლა იმაზე კეთდება, რომ საეჭვოა, თბილისელებმა შეძლონ, მშვიდად უყურონ ნაციონალების მიტინგს რუსთაველის პროსპექტზე, რომელიც  მათ სისხლით შეღებეს 2007 და 2011 წლებში მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევისას. ნაციონალებმა  ა.წ. 8 თებერვალს საგანგებოდ მოაწყვეს პროვოკაცია ეროვნულ ბიბლიოთეკასთან (სადაც სააკაშვილი თავიდანვე არ აპირებდა მისვლას - პრეზიდენტის დაცვამ არც 7 და არც 8 თებერვალს ამისთვის სავალდებულო მოსამზადებელი ღონისძიება არ გაატარა, რომლებსაც ასეთ შემთხვევებში ითვალისწინებს ინსტრუქცია), რათა დარწმუნებულიყვნენ - დიახ, ხალხს სძულს ისინი და გამოჩენისთანავე ცემას დაუწყებს!

ამასთან, ნაციონალები სამართლიანად არიან დარწმუნებული, რომ ივანიშვილი სააკაშვილს არ დაემსგავსება და 19 აპრილს მიტინგის ძალის გამოყენებით დაშლის ბრძანებას არ გასცემს, ამიტომაც მათ მიერ პროვოცირებული მორიგი შეჯახება, გაცილებით უფრო ფართომასშტაბიანი, ვიდრე საჯარო ბიბლიოთეკასთან იყო, საფუძველს მისცემს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება - გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, დაითხოვოს მთავრობა და პარლამენტი, რომელიც მას მხარს არ დაუჭერს და დახმარებისათვის №1 სტრატეგიულ მოკავშირეს - აშშ-ს, აგრეთვე, ნატოს, გაეროს და მთელ მსოფლიო თანასაზოგადოებას მიმართოს მოწოდებით: დემოკრატია - საფრთხეშია! კოაბიტაცია ჩავარდა! გადაარჩინეთ საქართველო!

19 აპრილამდე სიტუაცია ყოველდღიურად გამწვავდება - ჩვენ უკვე ვხედავთ ნაციონალთა პერმანენტულ აქციებს, რომლებსაც ისინი ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების პროკურატურაში დაბარების გამო მართავენ, მრავალრიცხოვან თეატრალიზებულ ფლეშმობებს ვითომდა საქართველოს ჩრდილოატლანტიკური კურსის დასაცავად და „რესტავრირებულ სსრკ-ში“ მისი დაბრუნების წინააღმდეგ, „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის“ წინააღმდეგ და სხვ.

ხოლო კომპეტენტური ადამიანები, მაგალითად, სომხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული გიგლა ბარამიძე, ლაპარაკობენ სააკაშვილის გარემოცვის მიერ დაგეგმილ საბოტაჟსა და პროვოკაციებზე - ტერორისტულ აქტებსა და აფეთქებებზე პრეზიდენტის და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს რეზიდენციებთან, აგრეთვე, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის ან ჟურნალისტის მოწყობილ მკვლელობაზე ივანიშვილის ტერორში დადანაშაულების მიზნით და ნაციონალების შეუზღუდავი მმართველობის პერიოდში ჩადენილი ყველა მკვლელობისა და ციხეებში წამების დასაბალანსებლად.

- თქვენი აზრით, ბატონო არნო, როგორ განვითარდება საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან და აისახება თუ არა ეს განვითრება ბაქოსა და თბილისის ურთიერთობაზე?

- სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებდეთ, კიდევ ერთხელ გავიხსენებ დღეს ჩემ მიერ უკვე ორჯერ ნახსენებ ღალატისა და თვალთმაქცობის დღესასწაულს საქართველოში. იცით,  გულწრფელად მშურს აზერბაიჯანის - როცა აზერბაიჯანელი ექსპერტების პუბლიკაციებს და ინტერვიუებს ეცნობი, გესიამოვნება - რა ღრმად და სახელმწიფოებრივად, პროაზერბაიჯანულად აზროვნებენ ეს ადამიანები, თუნდაც, მათი აზრები ხშირად არ ემთხვეოდეს ერთმანეთს!

ახლა კი შეხედეთ, ვინ არის საქართველოს ტელეეკრანებზე დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში, ვინ გამოდის ყველა საინფორმაციო პროგრამაში და პოლიტიკურ თოქშოუებში?! ერთი ერთზე - ისევ და ისევ შევარდნაძის პოლიტოლოგები“, საქართველოს კომპარტიის ცეკას ლექტორ-აგიტპროპაგანდისტების სკოლის აღზრდილები, სააკაშვილის გუშინდელი აპოლოგეტები, დღეს უცებ რეჟიმთან დამსახურებულ მებრძოლებად“ და ივანიშვილის თანამოაზრეებად  გადაქცეულები! ხალხი ყველაფერს ხედავს და ესმის, რომ სააკაშვილმა, ძალიან კარგად იცოდა რა მათი გამყიდველობის შესახებ (მე მათ პროქტო-პოლიტოლოგებს ვუწოდებ), მაქსიმალურად გამოიყენა ისინი და ნახმარი ხელთათმანებივით მოისროლა.

განა შეიძლება, ექსპერტი ვუწოდოთ მას, ვისი არც ერთი პროგნოზი არ გამართლებულა?! განა მედიასთან წვდომის უფლება უნდა ჰქონდეთ მათ, ვინც ყოფილი ხელისუფლების საამებლად, თანაც, უკანა რიცხვით (აქედანაც მოდის პროქტო!), ლამაზად „ფუთავდა“ მათ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს და გამოუცდელ მასობრივ აუდიტორიას „აჭმევდა“?! შემიძლია ამ „არასწორი“ პოლიტოლოგების კონკრეტული გვარები დავასახელო, მაგრამ არ მინდა ჩვენი ინტერვიუს დანაგვიანება.

რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას - აქაც კვლავ თვალთმაქცობას ვაწყდებით: შეუძლებელია შეუთავსებლი შეთავსება, როგორც ამას საგარეო საქმეთა მინისტრი ფანჯიკიძე ფიქრობს! იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილის მთავრობის ევროატლანტიკური კურსი არაფრით განსხვავდება სააკაშვილის მთავრობის საგარეო პოლიტიკური კურსისაგან, მოსკოვთან ურთიერთობის მოგვარება ემოციურ-სიმბოლური, უკეთეს შემთხვევაში, ეკონომიკური ხასიათისა იქნება. მხედველობაში მაქვს ქართული ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი, ღვინისა და კონიაკის, მინერალური წყლების - „ბორჯომისა“ და „ნაბეღლავის“, ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დაბრუნება რუსულ ბაზარზე. თუმცა, ვფიქრობ, რუსეთი მაინცდამაინც არ იჩქარებს საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას, სანამ მისი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია...

რაც მთავარია - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის საქმეს არ უნდა ეწეოდნენ „არასწორი“ პოლკოსები („არასწორი“ პოლიტოლოგების ანალოგიით)! აქ მე მთლიანად ვიზიარებ ქართველი პოლიტოლოგის, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორ ალექსანდრე ჭაჭიას მოსაზრებას, რომელმაც გასულ კვირას გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ეს საქმე უნდა აკეთოს მაღალი სახელმწიფო სტატუსის მქონე პირმა, რომელიც პირდაპირ მოლაპარაკებაზე გავა რუსეთის ხელისფლების უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელებთან და  საქმეს მკვდარი წერტილიდან დაძრავს.

ჭაჭიას მიაჩნია, რომ ასეთი პირი შეიძლება გახდეს მესამე პირი ხელისუფლების უმაღლეს ეშელონში - საქართველოს ახალი პრეზიდენტი, რომლის ფუნქციები უნდა განისაზღვროს ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემებიდან გამომდინარე, რომელთა გადასაწყვეტად პარლამენტის და მთავრობის ძალისხმევა არ კმარა. პრეზიდენტის აქტიური მოღვაწეობის სფერო უნდა გახდეს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან, რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის, რდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა.

ჭაჭია სამართლიანად აღნიშნავს, რომ ეს უნდა იყოს ჩამოყალიბებული პიროვნება, არანაკლებ 50 წლისა, რომელიც არაფრით იქნება დაკავშირებული  წარსულ რეჟიმებთან, რომლებიც ჩვენი პარტნიორების ცნობიერებაში ომსა და სისხლთან არიან ასოცირებული. მთავარია, რომ ეს ადამიანი აცნობიერებდეს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობის ხარისხს - 1-2 წლის განმავლობაში კარდინალურად შეცვალოს სიტუაცია, და ფლობდეს აუცილებელ პოტენციალს - კავშირებს, პირად ავტორიტეტს, სერიოზული წინადადებების პაკეტ. ასეთი ხალხი - არც ისე ბევრია, - დასძენს ჭაჭია.

რაც შეეხება ბაქოსა და თბილისის ურთიერთობას - მე ვერ ვხედავ, რა მიზეზით შეიძლება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ჯერ კიდევ მეტად ბუნდოვანმა დარეგულირებამ გავლენა მოახდინოს რეალურ და ორივე მხარისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ურთიერთობაზე ბაქოსა და თბილისს შორის. ის შეიძლება მხოლოდ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. თუნდაც აფხაზეთმა გადაიფიქროს და დათანხმდეს რუსეთიდან სომხეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე, ეს არ მოახდენს გავლენას არც ჩვენს ურთიერთობაზე, არც ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის მშენებლობაზე, რომელიც, ვფიქრობ, გაცილებით უფრო ადრე შევა ექსპლუატაციაში.

საქართველოს და აზერბაიჯანს ბევრი რამ აკავშირებს - ეს არის სტრატეგიული მილსადენები და, რაც მთავარია, დაახლოებით, 250 ათასი აზერბაიჯანელი - საქართველოს მოქალაქეები. ამიტომაც არ არის საფიქრებელი, რომ ჩვენი ტრადიციულად ძმური ურთიერთობა შეიძლება შეიცვალოს, მითუმეტეს -   უარესობისაკენ. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია!

- არსებობს აზრი, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნაციონალური უმცირესობები ერთგვარ ზეწოლას განიცდიან. ეს სიმართლეა?

- არა, ეს დეზინფორმაცია წინა ხელისუფლებამ სომხების მეშვეობით გაავრცელა. როგორც იცით, „ნაცმოძრაობის“ ხერხემალი - ვანო მერაბიშვილი, რომელზეც, როგორც სააკაშვილზე, ხალხში ეჭვობენ, რომ სომხური წარმომავლობისაა და „ალერსიანად“ უწოდებენ ხან პოლკოვნიკ სეხნიევს, ხანაც, უბრალოდ ვანეჩკას, წარმოშობით ღრმა პროვინციიდან - სომხებით კომპაქტურად დასახლებული სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადიგენის რაიონის სოფელ უდედან არის, ამიტომ მერაბიშვილს  შესანიშნავი პირადი მეგობრული და საქმიანი კავშირები აქვს სომხებთან. ჰოდა, ისარგებლა რა იმით, რომ ეროვნულ უმცირესობებთან მუშაობა „ქართული ოცნების“ ძლიერი მხარე არ არის, წინა ხელისუფლებამ ამ „ფრონტზე“ ივანიშვილს აჯობა, იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილს დეზინფორმაცია მიაწოდეს და არჩევნების წინ საზოგადოებისთვის უცნობი, ანდა სულაც აშკარად დისკრედიტებული ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები შეაჩეჩეს, როგორც გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების სათავეში მდგომი დიასპორის ლიდერები, რის შედეგადაც „ქართულმა ოცნებამ“ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში არჩევნები წააგო. სააკაშვილის მრჩეველებს ეროვნული უმცირესობების საკითხებში ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება და საკუთარი ბერკეტები აქვთ, ხოლო ივანიშვილი - უკიდურესად მიუწვდომელია და არ მიდის კონტაქტზე იმ ხალხთან, რომლებსაც მისი მრჩეველები არ ურჩევენ, ანდა რომლებსაც საზოგადოება იცნობს, როგორც რუსეთ-საქართველოს მეგობრობის მტკიცე მომხრეებს და საქართველოს ნატოში შესვლის მოწინააღმდეგეებს.

ეროვნული უმცირესობების შეკითხვები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ერთ მეოთხედს შეადგენენ, დღემდე უპასუხოდ რჩება, ივანიშვილის გარშემო - ბევრი ჯაშუში და მოღალატეა, რომლებიც სპეციალურად ბლოკავენ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისთვის მიწოდებას და იცავენ არასასურველი ადამიანებისგან, რომლებთან ურთიერთობისას ერთიც ვნახოთ და ივანიშვილი რაიმე მათთვის არახელსაყრელ ინფორმაციას შეიტყობს…

დიახ, ეროვნული უმცირესობები უკმაყოფილო არიან და დღევანდელ ხელისუფლებასთან შეკითხვები აქვთ: სააკაშვილის დროს პარლამენტში ბევრი აზერბაიჯანელი და სომეხი დეპუტატი იყო, სხვა საკითხია - რამდენად სასარგებლონი იყვნენ ისინი, როგორც მაჟორიტარები, მაგრამ მათ ყველა სახეზე და გვარებით იცნობდა. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები იყვნენ აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც, თვით მინისტრის მოადგილეების დონეზეც, ხოლო დღეს არცერთი სამმართველოს უფროსიც კი არ არის ეროვნული უმცირესობიდან, უფრო მაღალ დონეებზე რომ არაფერი ვთქვათ, მაგრამ ეს უკეთესიც კია, ვიდრე დაენიშნათ ისინი, ვისაც აპირებდნენ!

კითხვა: ვის აძლევს ხელს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ეროვნული უმცირესობები მასში საერთოდ არ იყვნენ ან უღირსად იყვნენ წარმოდგენილი? პასუხი ერთია - ნაციონალებს სააკაშვილის ხელისუფლებიდან, რომელიც მდგომარეობას თავისი ნაცემისრები მეშვეობით აკონტროლებს.

მხოლოდ აზერბაიჯანელთა მაგალითზე ვიტყვი, რადგან აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან ვსაუბრობ: ჯერ ჩამცხრალი არ იყო ხმაური დავითგარეჯას მონასტრის ირგვლივ, ინციდენტების გამო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე და სოფელ ნიგვზიანში, სადაც ადგილობრივ მართლმადიდებელ და მუსლიმან მცხოვრებთა შორის დაპირისპირების პროვოცირება მოხდა, რომ ჩვენ „სასიამოვნო“ ახალი ამბავი შევიტყვეთ: რუსეთში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერ საიუნ სადიღოვის დაკვეთით საქართველოში, „დამოუკიდებელი ბორჩალოს“ (ასე უწოდებენ ისინი ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებს) ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვის დამზადებულ იქნა საკუთარი დროშა, გერბი, დაიწერა ჰიმნი... და ახლა საქართველოში ალაპარაკდნენ არა მარტო სომხებზე, აზერბაიჯანელებზეც, რომლებსაც ავტონომია სურთ!

ვფიქრობ, ჩვენმა ძმებმა აზერბაიჯანელებმა ამიერიდან მსგავს შემთხვევებში მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ, ხოლო თუ საჭირო გახდება - ოფიციალურ ბაქოს დაეკითხონ, რადგან ბოლო წლების განმავლობაში გაზრდილი რაოდენობა კავშირების, კონფედერაციების და არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომლებიც ერთმანეთს ექიშპებიან და ვითომდა ექსკლუზიურად წარმოადგენენ საქართველოს აზერბაიჯანელ მოსახლეობას, აგრეთვე, აზერბაიჯანელებს, რომლებსაც არასამთავრობო სექტორიდან ხელისუფლებაში გადასვლა სურთ, ყოველთვის არ შეესაბამება ადგილობრივი აზერბაიჯანელი მოსახლეობის ინტერესებს.

აზერბაიჯანელები ნუ მიწყენენ, თუ ვიტყვი - ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც ვითომდა საქართველოს აზერბაიჯანულ სათვისტომოს წარმოადგენენ, სააკაშვილის ექს-ხელისუფლების მიერ შეიქმნა და მათ დღემდე „ნაცმოძრაობა“ აკონტროლებს. დღეს მათი მთავარი მიზანია - ეროვნული უმცირესობების კომპაქტური დასახლების რეგიონებში უკმაყოფილება, აფეთქება ეროვნულ უმცირესობებზე ზეწოლაში ივანიშვილის დადანაშაულების მიზნით - ვითომდა „ტოლერანტული ინტერნაციონალისტი სააკაშვილისაგან განსხვავებით, ივანიშვილი აშენებს საქართველოს მხოლოდ ქართველებისთვის, ქართულ, და არა აზერბაიჯანულ ან სომხურ ოცნებას“!

- გმადლობთ, ბატონო არნო, ინტერვიუსთვის. ვფიქრობ, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც მოხარულიც კი იქნებით, თუკი თქვენი, როგორც პოლიტოლოგისა და ექსპერტის, ზოგიერთი პროგნოზი არ გამართლდება.

- რა თქმა უნდა.

ესაუბრა გამიდ გამიდოვი
2013 წლის 25 თებერვალი,
ბაქო-თბილისი

* საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილისგან: სწორედ საქართველოში თურქეთის ჯარების შესაძლო შემოყვანის თაობაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევის აზრის ზონდირების, ხოლო თუ გამოვა - მისი მხარდაჭერის და თურქეთთან შუამდგომლობის მოპოვების სურვილით იყო გამოწვეული მიხეილ სააკაშვილის დაუგეგმავი ვიზიტი ბაქოში ა.წ. 27 თებერვალს -  აზერბაიჯანული Disput.az-ისთვის ჩემი ექსკლუზური ინტერვიუს ზუსტად 2 დღის შემდეგ.

სააკაშვილის არგუმენტები, უთუოდ, უწინდელი იყო - „პრორუსულ პრემიერ ივანიშვილის საფრთხეს წარმოადგენს ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის და ბაქო-ყარსის მშენებარე რკინიგზისთვის. მას სურს აფხაზეთი-საქართველოს გავლით რუსეთ-სომხეთის რკინიგზის და ვლადიკავკაზი-თბილისის გავლით რუსეთ-სომხეთის გაზსადენის რეკონსტრუირება მათი გამტარუნარიანობის მიზნით.  ეს კი, ყარაბაღის პრობლემის არსებობის გათვალისწინებით, ხელსაყრელი არ არის არა მარტო საქართველოსთვის, რომელიც დასავლეთს შორდება, არამედ აზერბაიჯანისთვისაც“.

და აი, გუშინ 28 თებერვალს, ბაქოდან დაბრუნებისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ დღეებში ვიზიტით … თურქეთს ეწვევა! იქვე, აეროპორტში, სააკაშვილმა გაიმეორა ჩემი სიტყვები ინტერვიუ Disput.az-თვის რუსეთში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერის, გარდაბნის ყოფილი მკვიდრის,საიუნ სადიღოვის, შესახებ (იხ. ვიდეო საქინფორმის მთავარ გვერდზე).

ამდენი დამთხვევა ნამეტანი ხომ არ გეჩვენებათ?!