აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტმა 2011-2012 წლებში მიიღო გადაწყვეტილება სხვადასხვა ობიექტების საპრივატიზაციოდ გამოყოფის შესახებ.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პუნქტობრივადაა გაწერილი აუდიტის შეფასებები, საკრებულოს გადაწყვეტილებით საწყისი ფასების ზრდა და შემძენი სუბიექტების ვინაობა.
უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მასალებიდან იკვეთება, რომ შესყიდვის პროცესში 2 მესაკუთრე იყო პატიმარი (შპს „ჯორჯიან ინვესტმენტის“ დირექტორი ჯუანშერ მაშია და შპს „ინსტა ჯორჯიას“ დირექტორი ლევან სიმონიშვილი;
შემსყიდველთაგან 2 მესკუთრემ შესყიდული ქონება დაუბრუნა სახელმწიფოს ჩუქებით (შპს „ინსტა ჯორჯიას“ დირექტორი ლევან სიმონიშვილი და მოქალაქე ჯემალ გვარლიანმა).
2013 წლის 22 თებერვლისათვის მოწმის სახით დაბარებული იქნა შპს „ჯორჯიან ინვესტმენტის“ წარმომადგენელი მირდატ ქამადაძე, დავით ანდრონიკაშვილი და შპს „ინსტა ჯორჯიას“ წარმომადგენელი გიორგი მეფარიშვილი.
პროკურატურას მიაჩნია, რომ სახეზეა ბიზნესის ტერორის აშკარა ფაქტები. გამოძიება ამ საკითხზე გრძელდება, იკითხებიან მოწმეები და უახლოეს მომავალში ამ ფაქტს გამოძიება მისცემს სამართლებროვ შეფასებას.