საზოგადოება
დღეიდან ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა ამოქმედდა
1-polisi-sazooo1საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, დღეიდან ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხარაგაულის რაიონის სასწრაფო სამედიცინო კლინიკაში პირადად გაეცნო.
2 მილიონ ადამიანს, რომლებიც არანაირი სადაზღვევო პაკეტით არ იყო უზრუნველყოფილი, დღეიდან შესაძლებლობა ექნება, შეფერხებისა და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მიმართოს ოჯახის ექიმს. ასევე, მოხდება გადაუდებელი შემთხვევევის კვალიფიციური მართვა სამედიცინო დაწესებულებებში მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად სპეციალური პოლისი საჭირო არ არის. ეს პროექტი ხორციელდება მონაცემთა ელექტრონული ბაზის საშუალებით. მოქალაქე, რომელიც მივა გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში და გადის რეგისტრაციას, უკვე ითვლება უზრუნველყოფილად პირველადი ჯანდაცვის მომსახურებით მთელი წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ განვითარდა რაიმე სახის გადაუდებელი მდგომარეობა, პაციენტი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაუყოვნებლივ მიიღებს შესაბამის სამედიცინო მომსახურებას. 
დავით სერგეენკო ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ამოქმედების შემდეგ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს ეტაპობრივად ეწვევა.