საქართველოს პრეზიდენტი უარს ამბობს დაცვის სამსახურით სარგებლობაზე
საქართველო, 28 თებერვალი,
საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ეხმაურება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განცხადებას და კიდევ ერთხელ განმარტავს: „იმ იაფფასიანი მანიპულაციების გამო, რომელიც პრემიერის უშუალო მითითებით ხორციელდება, საქართველოს პრეზიდენტი უარს ამბობს დაცვის სამსახურით სარგებლობაზე. საქართველოს პრეზიდენტი აპირებს, რომ გადასაადგილებლად გამოიყენოს პირადი ტრანსპორტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავტოფარეხიდან მათ შეუძლიათ წაიყვანონ დაჯავშნული მანქანები.
რაც შეეხება დაცვის თანამშრომლებს, მათ უკვე დაწერილი აქვთ პატაკი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან წასვლის შესახებ. ხოლო ბრალდებები იმის თაობაზე, თითქოს, მათ არ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა და ამის გამო მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ზომები უნდა იქნეს მიღებული, არის უსამართლო, რადგან ისინი პრეზიდენტის დავალებით მოქმედებდნენ“.