პოლიტიკა
სააკაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში

1-baqo-politika-1-mTavariსაქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. თბილისის აეროპორტში იგი დაცვის გარეშე მივიდა და ავტომანქანასაც თავად მართავდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პირველ ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსთან ერთად გაემგზავრა. საქართველოს დელეგაციაში თბილისის მერი გიგი უგულავა, ყოფილი პრემიერი-მინისტრი ნიკა გილაური, საპარლამენტო უმცირესობის წევრები გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი და სხვები იმყოფებიან.

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდეტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და ილჰამ ალიევმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ლიდერებმა შეხვედრის დეტალებსა და იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს, კერძოდ, ყურადღება ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ეს სარკინიგზო მაგისტრალი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება და ის რეგიონული თანამშრომლობის ასპექტში უნდა განვიხილოთ, რადგან მას გეოპოლიტიკური და სტრატეგიული დატვირთვა აქვს. მისი თქმით, აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოთამაშე, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და რეგიონის უსაფრთხოების გარანტია.

არავის არ გაუკეთებია საქართველოსთვის იმდენი, რამდენიც აზერბაიჯანმა გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს არის პირადად აზერბაიჯანის პრეზიდენტის დამსახურება, რაც ჩვენს ხალხს უკვე ჩვევად ექცა. მიხარია, რომ აქ საქართველოს პრემიერ-მინისტრიც იყო ჩამოსული და მნიშვნელოვანია, რომ ისიც დარწმუნდეს ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის სტრატეგიული, ნამდვილი გეოპოლიტიკური გადატრიალება, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვაკეთებთ. ეს არის ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა, ბაქო-ლონდონის რკინიგზა. ეს პროექტი რეალურად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე მიმდინარე წელს. ეს არის რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანისთვის და საქართველოსთვის არის ფანჯარა ევროპაში, ფანჯარა განვითარებისთვის და მართლაც ისტორიული შანსი, რომ საბოლოოდ გავიდეთ ევროპის კონტინენტზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ილჰამ ალიევმა, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისთვის საქართველო  კვლავ მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პარტნიორად რჩება და რეგიონალური უსაფრთხოება სწორედ ამ ურთიერთობის გაღრმავებაზეა დამოკიდებული. მიმართვისას, მან საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ქვეყნის დინამიკურ განვითარებას მიუთითებს.

„ჩვენ ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ ვართ მეგობარი ქვეყნები. საქართველო დგას დინამიკური  განვითარების გზაზე. თქვენს ქვეყანაში არაერთი რეფორმა განხორციელდა, რაც ქვეყნის მდგრადი განვითარების მაჩვენებელია. ჩვენს ქვეყნებს შორის განხორციელებული პროექტები ხელს უწყობდა ჩვენი ქვეყნების განვითარებას და ვიმედოვნებთ,  რომ ეს პოზიტიური ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

1-baqo-politika-1-1 1-baqo-politika-1-2