სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

1-saqinfori-samarTali1-geoსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის
განცხადება
ღრმად პატივცემულო ბატონო მინისტრო!
მივესალმებით თქვენს გუშინდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაუქმდა განყოფილება, რომელიც დაკავებული იყო სხვადასხვა ინტერნეტვირუსის შექმნით და ახორციელებდა კიბერშეტევებს  როგორც პირად, ისე სხვადასხვა ორგანიზაციის ინტერნეტრესურსებზე. ამ უმსგავსობების მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა საქინფორმის ვებსაიტი www.saqinform.ge – საქართველოს უძველესი საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოსი, რომელსაც წინა ხელისუფლება თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ აღიქვამდა. გაცნობებთ, რომ ახალი წლის შემდეგ კიბერშეტევები ჩვენს საიტზე გახშირდა,  ყველანაირი  სათანადო ლიცენზირებული პროგრამით მისი მაქსიმალურად დაცულობის  მიუხედავად.
გუშინ კი მივიღეთ შეტყობინება საქინფორმის პროვაიდერი  serv.ge-გან , რომ მიმდინარე თვის განმავლობაში უკვე მეორედ იყო განხორციელებული შეტევა  საქინფორმის საიტიდან „Bank of America“-ს სერვერზე.
საქინფორმის პროვაიდერმა serv.ge-მ წარმოგვიდგინა ამის დამადასტურებელი „Bank of America“-სა და „FBI“-ს  შეტყობინებები.
გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ესენი არიან ისევ შსს-ის ყოფილი, ახლა უკვე თქვენ მიერ გაუქმებული განყოფილების, თანამშრომლები, რომლებიც საქინფორმმა ერთწლიანი ჟურნალისტური გამოძიების ჩატარების შედეგად ამხილა და ჟურნალისტური გამოძიების მთლიანი მასალები საქართველოს გენერალურ პროკურორს, ბატონ არჩილ კბილაშვილსა და იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს გაუგზავნა. საქინფორმის მრავალ პუბლიკაციაში ჩვენ მათ „მერაბიშვილის ინტერნეტდივერსანტებს“ ვუწოდებთ.
გთხოვთ, მიიღოთ სასწარაფო ზომები, რადგანაც ამ ქმედებებით, რომელთაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, დიდი ხანია, მინიჭებული აქვს სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია, ზარალდება არა მარტო „Bank of America“, მისი რეპუტაცია და კლიენტები, არამედ serv.ge, საქინფორმი და მრავალრიცხოვანი მკითხველი.

ღრმა პატივისცემით,

საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი

2013 წლის 28 თებერვალი, თბილისი